კაპარი

კაპარი (Capparis), მცენარეთა გვა­რი კაპარისებრთა ოჯახისა. გვხვდე­ბა ხეების, ბუჩქების, ბუჩქბალახებისა და მრავალწლოვა­ნი ბალახების სახით. 300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტრო­პიკებსა და სუბტროპიკებში. ე კ ლ ი ა ნ ი კ. (C. spinosa) ბუჩქბალახია. აქვს გრძელი, გართხმული ღეროები და თეთრი ან მოთეთრო-ვარდისფერი ­გრძელყუნწა ყვავილები. გავრცელებულია ხმელ­თაშუა­ზღვის­პირეთში, წინა და ­ცენტრ. აზიაში, ინდოეთში, სამხრ. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. ჩვენში აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა. კ. იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში, თიხიან, ხშირად ბიცობიან ნიადაგზე. კოკორს, მკვახე ნაყოფს და ნორჩ ყლორტებს ამწნილებენ, მწიფე ნაყოფი იჭმება. თესლში 30%-მდე ზეთია. შეიცავს ალკოლოიდ კაპარიდინს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, აგრეთვე მშრალ რეგიონებში მოშიშვლებული ადგილების დასაფარად. თაფლოვანი მცენარეა.

მ. სახოკია