კაპარჭი, ისრების ჩასაწყობი ბუდე. ს.-ს. ორბელიანი მას ისრის ქარქაშს უწოდებს, ხოლო დიდი ზომის კ-ს – ნიჯგორს (მენიჯგორე და ნიჯორგალი – მათი მნე). კ-ში 20–30 ისარი ეტეოდა, ზოგში – უფრო მეტიც.
კ. ძირითადად ორი ტიპისა იყო: გრძელი, ცილინდრული და უფრო მოკლე, ბრტყელი, გახსნილი აბგის მსგავსი. ცილინდრულ კ-ში ისრები წვერით ზემოთ იდებოდა. ასეთი კ. ქვემოთ ფართოვდებოდა, რათა ისრის ფრთები თავისუფლად და დაუზიანებლად მოთავსებულიყო. დახურული ფორმის ცილინდრული კ. კარგად იცავს ისრებს გარემო პირობების ზემოქმედებისა და ფიზიკური დაზიანებისაგან.
ისრის წვერებით ზემოთ მიმართული კ. მომთაბარეებისთვისაა დამახასიათებელი და VI–VIII სსში დამკვიდრდა ევრაზიის სტეპებში. დაპყრობების კვალდაკვალ, XIII–XIV სს-ში მონღოლებმა ეს კ. უზარმაზარ ტერიტორიებზე გაავრცელეს, მ. შ. საქართველოშიც.
შუა საუკუნეების (XIII–XIV სს.) არაბულ სამხ. ტრაქტატში – „სრული რჩევები სამხედრო საქმეში გასაწვრთნელად“ საინტერესო ცნობაა დაცული ქართველებისთვის დამახასიათებელ ცილინდრულ, მილძაბრას ფორმის კ-ზე: „აიღე კაპარჭი ზემოთ მიმართული ისრის პირებით, ისეთი, როგორსაც ქართველები იყენებენ, და დაცალე. დადე მიწაზე, დაადე თავი და გაიგონებ ფეხის ან ჩლიქების ხმას“.
XV ს-იდან ვრცელდება ბრტყელი კ-ები, სადაც ისრები ფრთებით მაღლა იყო ჩალაგებული, ისრის სიგრძის 1/3 კი ზემოთ იყო დარჩენილი. ის კიდანებმა (ხატაელები) შემოიღეს X ს-ში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მონღოლთა ბატონობის ხანაში და XIV ს. შემდეგ ხმარებიდან განდევნა ცილინდრული კ. XVI–XVII სს. ბრტყელი კ-ები ტყავისაგან მზადდებოდა. მათი სიგრძე 40–50 სმ, ხოლო სიგანე 17–20 სმ იყო, მასა ისრების გარეშე 600 გ არ აღემატებოდა. ისრები კ-ში განსაზღვრული შუალედებით თავსდებოდა. ვ. ელაშვილის მოსაზრებით, ამ მიზნით კ-ის ძირში ვერტიკალურად იყო ჩამაგრებული ფრინველის ფრთის ღეროები. ორივე ტიპის კ-ს იკიდებდნენ სარტყელზე ან ყაწიმით მხარზე ძვლის ანჯამებისა და რკინის კაუჭების მეშვეობით. კ. სარტყელზე ორ ადგილას მაგრდებოდა. ეს მეთოდი მონღოლებისგანაა გადმოღებული, რ-ებიც კ-ს ქამარზე ძვლის ფირფიტაში გაყრილი ღვედებით იმაგრებდნენ. წელზე კ-ის დაკიდების წესი შენარჩუნებულია XV ს-შიც, ახალი ტიპის, ბრტყელი კ-ის შემოღების შემდეგაც და დასტურდება ქართული ეთნოგრ. მონაცემებითაც. ქართ. ხალხ. პოეზიაში გვხვდება კ-ის ხევსურული სახელწოდებაც: „კვათეს ჩაყარეს ისარი, დილა რო ცამა ნამიო", ხოლო, გ. ჩიტაიას განმარტებით, ხევსურს «სათადარიგო ისრები მოთავსებული ჰქონდა სპეც. ხელსაწყოში ე. წ. „კვათეში", ამ უკანასკნელს თასმის ქამარზე იმაგრებდნენ».
ლიტ.: ე ლ ა შ ვ ი ლ ი ვ., მშვილდოსნობა, თბ., 1959; ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს.-ს., ლექსიკონი ქართული, ტ. 1, თბ., 1991; შ ა ნ ი ძ ე ა., ქართული ხალხური პოეზია. ხევსურული, თბ., 1931; ჩ ი ტ ა ი ა გ., ხევსურული მშვილდ-ისარი, შრომები ხუთ ტომად, ტ. 2, თბ., 2000; წ უ რ წ უ მ ი ა მ., შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი. 900–1700, თბ., 2016.
მ. ქაფიანიძე