კაპარჭინა

კაპარჭინა

კაპარჭინა [Abramis brama (Linnaeus, 1758)], მტკნარი წყლის ნახევრად გამსვლელი თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae Fleming, 1822), კაპარჭინების გვარს – Abramis Cuvier, 1816; მისი მაქსიმალური სიგრ­ძეა 75 სმ (საშუალო – 45 სმ), მასა – 6 კგ და მეტი. ბინადრობს უმეტესად მდინარის ქვემო დინებაში, მცენარეებით მდიდარ მდორე ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს ტბებს. სქესობრივად მწიფდება 3–4 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან ივლისამდე. ნაყოფიერება აღწევს 90–700 ათ. ქვირითს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ჭიებით, უმეტესად ქირონომიდებითა და წყალმცე­ნარეებით. სა­ქარ­თვე­ლოში გავრცელებულია შავ ­ზღვაში ჩამდინარე ზოგიერთ მდინარეში (სუფსა, რიონი, ტეხური, ჭურია, თიქორი, ენგურის ქვემო დინება), პალიასტომისა და ნაბადას ტბებში. გვხვდე­ბა ევროპასა და აზიაში – ადორიდან (საფრანგეთი) პეჩორამდე (თეთრი ­ზღვის აუზი), ეგეოსის ზღვაში, მარმარილოს ­ზღვის აუზში (თურქეთი), აღმოსავლეთით - არალის ზღვამდე. ინტროდუცირებულია ირლანდიაში, ესპანეთსა და ჩრდ.-აღმ. იტალიაში, ბაიკალის ტბაში, ობის ზემო დინებასა და ენისეის აუზში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამეურნ. მნიშვნელობა არა აქვს. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მონაცემით საჭიროებს ზრუნვას.

ლიტ.: ნ ი ნ უ ა  ნ., ჯ ა ფ ო ­შ ვ ი ­ლ ი  ბ., ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სა­ქარ­თვე­ლოს თევზები, თბ., 2013; Б о г у ц к а я  Н., Н а с е к а  А., Каталог бесчелюстных и рыб, М., 2004.

ნ. ნინუა