კაპეტივაძე ილია ივლიანეს ძე (3. VI. 1917, ქუთაისი, – 22. III. 2011, თბილისი), უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1970), აჭარის მეცნ. დამს. მოღვაწე (1971). 1941 დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი, 1949 – მოსკოვის სამედ. ინ-ტი. იყო II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1940–52 მუშაობდა მოსკოვის ოლქის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უროლოგიური კლინიკის ორდინატორად; 1952–63 – ბათუმის რესპ. საავადმყოფოს უროლოგიური განყ-ბის გამგედ; 1965–79 – თბილ. უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მოზრდილთა კლინიკური განყ-ბის გამგედ, ამავე ინ-ტის წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. კ-ის მიერ დადგენილია აჭარაში იოდის უკმარისობის როლი შარდკენჭოვანი დაავადებების წარმოშობაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მიკროქირურგიული ტექნიკა უროლოგიაში, თბ., 1931; შარდსადენის ტრავმული შევიწროვება და მისი მკურნალობა, თბ., 1957; ცისტოსკოპიური ატლასი, თბ., 1980.