კაპიტალიზმი, კერძო საკუთრებასა და დაქირავებული შრომის გამოყენებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა და საზოგადოებრივი წყობილება. კ-ს მრავალი ფორმა გააჩნია. იგი შეიძლება იყოს თავისუფალი ბაზრის (ლაისსეზ-ფაირე) კ., კეთილდღეობის კ. ან სახელმწ. კ. ყველა ქვეყანაში ეს ფორმები ყოველთვის შერეულია და აერთიანებს კერძო და სახელმწ. საკუთრებას, თავისუფალი ბაზრის ელემენტებს სახელმწ. ინტერვენციასთან. კ-ის სხვადასხვა მოდელში განსხვავებულია ბაზარზე კონკურენციის ხარისხი, სახელმწიფოს ინტერვენციისა და რეგულირების ხარისხი და სახელმწ. საკუთრების სფერო. ზოგიერთი კაპიტალ. ქვეყნისათვის დამახასიათებელია თავისუფალი ბაზრებისა და კერძო კაპიტალის მაღალი წილი ეკონომიკაში, სხვა ქვეყნებისათვის კი – რეგულირებადი ბაზრები და სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული სოც. პოლიტიკა. შესაბამისად, კ-ის ფორმებს წარმოადგენს ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა ემყარება საბაზრო მექანიზმს – საწარმოების თავისუფალ კონკურენციას, მაგრამ ქმნის შემოსავლების უთანაბრობას. რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაში, იგივე სახელმწ. კ-ის პირობებში, განვითარებულია არასაბაზრო ურთიერთობები და ძლიერია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი ეკონომიკაში. სახელმწ. კ-ის პირობებში კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას ჩაენაცვლება სახელმწიფოს კონტროლი სხვადასხვა სფეროებში. სახელმწიფოს მიერ საზ-ბის სოც. დაცვის უზრუნველყოფა და შრომის ბაზრის რეგულირება აყალიბებს სოც. საბაზრო ეკონომიკას. კ-ის სხვადასხვა ფორმისათვის საერთოა ის, რომ ეკონომიკაში დომინირებს კერძო საკუთრება, საქონლისა და მომსახურების წარმოება ხორციელდება კაპიტალის გაზრდის მიზნით და ეკონომიკა ემყარება რესურსების განაწილების საბაზრო პრინციპებს. კ. ქმნის კერძო მესაკუთრეთა ფენას, რ-იც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. ამ პროცესს ხშირად თან სდევს სოც. უთანასწორობის გაღრმავება, გარემოს დაბინძურება ინდუსტრიული წარმოებისა და ბუნებრივი რესურსების საწარმოო გამოყენებით, შემოსავლების დიფერენცირება, თუმცა საბაზრო კონკურენციის გზით კერძო საწარმო ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფს ეკონ. ზრდას, შრომის მაღალ მწარმოებლურობას და საზ-ბის კეთილდღეობას. თანამედროვე კ-ისათვის დამახასიათებელია საწარმოების გამსხვილების პროცესი, ფინანს. კაპიტალის კონცენტრაცია, კორპორაციებისა და სახელმწიფოს ეკონ. სტაბილიზაციაზე დამოკიდებულების ზრდა.
კ. ფეოდალიზმის წიაღში სასაქონლო მეურნეობის განვითარების საფუძველზე ჩაისახა. XV–XVII სს. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა დააჩქარა მსოფლიო ბაზრის შექმნა და კაპიტალ. სასაქონლო ურთიერთობების განვითარება. კაპიტალ. საზ-ბის კლასიკური გზა – კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება, მარტივი კოოპერაცია, მანუფაქტურული წარმოება, ფაბრიკა-ქარხნების წარმოშობა – თავდაპირველად ინგლისმა და ჰოლანდიამ გაიარეს. XIX ს. II ნახ-ში ინგლისმა სამრეწვ. და სავაჭრო-საფინანსო სფეროში მსოფლიო ბატონობას მიაღწია. ინგლისს კვალდაკვალ მიჰყვნენ დას. ევროპის დანარჩენი ქვეყნები. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ, სამოქალაქო ომმა, მონათმფლობელობის ლიკვიდაციამ, მიწის საკითხის ბურჟ.- დემოკრატიული პრინციპებით გადაწყვეტამ კ-ის სწრაფი განვითარების წანამძღვრები აშშ-შიც შექმნა. XIX ს. დასასრულს სამრეწველო პროდუქციის მოცულობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.
1861 იმპ. ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთში გატარებულმა საგლეხო და სხვა ბურჟ. რეფორმებმა, მათი სანახევროდ განხორციელების მიუხედავად, ქვეყანაში საგრძნობლად დააჩქარა კაპიტალ. ურთიერთობების განვითარება.
საქართველოში ალექსანდრე II-ის რეფორმები, რუსეთის ცენტრ. რაიონებთან შედარებით, კიდევ უფრო შეზღუდული ფორმით გატარდა 1864–70. თუმცა საქონელწარმოება საქართველოშიც კ-ისთვის დამახასიათებელ დონემდე ამაღლდა. შეიცვალა გლეხობის სოც. სტრუქტურა, წარმოიშვა სოფლის ბურჟუაზია და პროლეტარიატი. გლეხობის ძირითადი ბირთვი იყო საშ. გლეხობა, რ-იც გლეხური წარმომავლობის მოსახლეობის 60%-ს შეადგენდა. დაახლ. 5% სოფლის ბურჟუაზიად იქცა, 35% კი სიღარიბის ზღვარზე მოექცა. სწორედ გლეხობის ეს ნაწილი თანდათან ავსებდა სას.-სამ. და სამრეწვ. მუშების კონტინგენტს და დაქირავებულ შრომაში ებმებოდა.
კაპიტალ. ურთიერთობების განვითარების შესაბამისად ცვლილებები ხდებოდა თავადაზნაურულ მიწათმფლობელობასა და მემამულურ მეურნეობაშიც. ყმა-გლეხთა პირადი გათავისუფლების საზღაურად მიღებულ თანხებს და საადგილმამულო ბანკში აღებულ კრედიტებს თავადაზნაურთა უმრავლესობა ყოველდღიური საჭიროებისთვის იყენებდა, ამის გამო აღებულ სესხს ვეღარ ფარავდა და დაგირავებულ მიწას კარგავდა. მოხდა ის, რის შესახებაც ი. ჭავჭავაძე თავიდანვე აფრთხილებდა ქართველ თავადაზნაურობას. 1903-მდე მათ თავიანთი მიწების 65% დააგირავეს: 350 ათ. ჰა – ბანკებში, 302 ათ. ჰა – მევახშეებთან. 1904-თვის ამ მიწებიდან 400 ათ. ჰა უკვე მევახშეებისა და ბანკების ხელში აღმოჩნდა.
გარდამავალი პერიოდის სიძნელეების მიუხედავად, მემამულური მეურნეობა თანდათან ბაზრის მოთხოვნებს ეგუებოდა და სასაქონლო-სავაჭრო ხასიათს ღებულობდა. თავადაზნაურთა ერთმა ნაწილმა სასაქონლო მარცვლეულის წარმოება აითვისა, უმეტესობამ კი ვენახებისა და ბაღების გაფართოებას მიჰყო ხელი. ზოგი მათგანის ზვარი 40–50 და 100 ჰა-ზეც იყო გადაჭიმული. კახეთში საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ ჭავჭავაძეები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები, ვახვახიშვილები. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზ. ჯორჯაძე, რ-ის ღვინოებმა თავდაპირველად რუსეთის გამოფენებზე მიიღო პირველი ხარისხის ჯილდოები, შემდეგ კი ფრანგები აიძულა კახური ღვინო ბურგუნდიულის გვერდით დაეყენებინათ. ქართლში მევენახეობა-მეღვინოება მაღალ დონეზე აიყვანა ივანე მუხრანბატონმა. ღვინის რეალიზაციის შედეგად 1886 მუხრანბატონის წლიურმა შემოსავალმა 224 ათ. მან. შეადგინა.
საქართველოში მსხვილ მიწათმფლობელად ჩამოყალიბდა რომანოვთა საგვარეულო. იმპერატორისგან ნაჩუქარ 150 ჰა მიწას მათ ჭავჭავაძეებისგან შესყიდული მამულები დაუმატეს და მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალიზებული უმსხვილესი საწარმოები მოაწყვეს. ბორჩალოს მაზრაში რომანოვებმა მებამბეობისა და მეცხოველეობის, აჭარაში კი მეჩაიეობის მეურნეობები დააარსეს. 300 ჰა მიწას ფლობდა აჭარაში რუსეთიდან ჩამოსახლებული დიდვაჭარი კ. პოპოვი. თავის მამულში მან მილიონობით მანეთი დააბანდა და ერთ-ერთი პირველი შეუდგა ჩაის პლანტაციების გაშენებას.
ცარიზმი შეგნებულად აფერხებდა საქართველოში მრეწველობის განვითარებას, მაგრამ სოფლის მეურნეობის ჭარბი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის აუცილებლობა, მსოფლიო ბაზარზე საქართველოს წიაღისეულ მადნებზე მზარდი მოთხოვნა აიძულებდა მას მნიშვნელოვანი თანხები დაეხარჯა გზებისა და სატრანსპორტო ქსელის გასაფართოებლად. 1872 დაიწყო მატარებლების რეგულ. მოძრაობა ფოთი–თბილისის ხაზზე. 1877 საქართველოს სარკინიგზო ქსელს რიონი–ქუთაისის, 1883 კი სამტრედია–ბათუმის ხაზები შეემატა. ამავე წელს გაიხსნა თბილისი–ბაქოს სარკინიგზო გზაც. 1886 ამოქმედდა ქუთაისი–ტყიბულის, ხოლო 1895 – შორაპანი–ჭიათურის ხაზი. რკინიგზამ ხელი შეუწყო აღებ-მიცემობის განვითარებას, გააადვილა წიაღისეული სიმდიდრის მოპოვება-რეალიზაცია, ეკონომიკურად შეაკავშირა ქვეყნის სხვადასხვა კუთხე. საქართველოს მსოფლიო ბაზარში ჩართვამ კიდევ უფრო დააჩქარა მანუფაქტურის მანქანური წარმოებით ჩანაცვლების პროცესი. სატრანსპორტო ხარჯების შემცირებამ განსაკუთრებით დააწინაურა ქვანახშირისა და მანგანუმის წარმოება, გააფართოვა მისი მოხმარების არეალი. მსხვილ სამრეწვ. ობიექტებად იქცა რკინიგზის საწარმოები – ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა და რკინიგზის სახელოსნოები. რკინიგზა ქვანახშირის მსხვილი მომხმარებელი გახდა. ჭიათურის მანგანუმის მოპოვება-რეალიზაციის საქმეში მკაცრი კონკურენცია გაიმართა ქართვ. მეწარმეებსა და უცხოელ ბიზნესმენებს შორის. ქართველი მეწარმეები (გ. ჩუბინიძე, ნ. ღოღობერიძე, ს. აბესაძე, ნ. კაკაბაძე და სხვ.) კარგა ხანს ლიდერობდნენ, მაგრამ XX ს. დასაწყისიდან პოზიციები გერმანელმა და ფრანგმა ბიზნესმენებმა განიმტკიცეს. მაშინ ქართული მანგანუმი მსოფლიოს მეტალ. მრეწველობის მოთხოვნის 45–50% ფარავდა. XIX ს. 70–80-იან წლებში კვლავ მიმდინარეობდა სპილენძის მადნის მოპოვება ალავერდსა და ბორჩალოს მაზრაში. 1888-იდან ეს საქმე ფრანგული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. ფრანგი კაპიტალისტები დაეპატრონენ ბათუმის ოლქის სამხრ. ნაწილში აღმოჩენილ სპილენძის საბადოებსაც. 1903–13 სოფ. ჭინკათხევში მოქმედი სპილენძის ქარხნების მწარმოებლობამ ალავერდში არსებული საწარმოების დონეს გადააჭარბა. ბაქოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირების საჭიროებამ ბათუმის სამრეწვ. განვითარებაც განაპირობა. ნავთობის ექსპორტირებისთვის საჭირო თუნუქის ბიდონებისა და მათი ჩასაწყობი ხის ყუთების დამამზადებელი ქარხნები გახსნეს ბათუმში სიდერდისმა, რიხტერმა, ხაჩატურიანცმა, მანთაშოვებმა და ძმებმა ციციანოვებმა. XIX ს. ბოლოსთვის ბათუმის ტარის ქ-ნებში 3 ათასამდე მუშა იყო დასაქმებული, რ-ებიც წლიურად 22 მლნ. მანეთის ბიდონებსა და 11 მლნ. მანეთის ხის ყუთებს აწარმოებდნენ. ბორჯომის მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ქართულ ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით XIX ს. 80–90-იან წლებში მწყობრში ჩადგა რამდენიმე მინის ქ-ნა. მათგან ყველაზე მსხვილი იყო ბერგმანის მინის ქ-ნა ბორჯომში. ღვინის ბოთლებსა და სააფთიაქო ჭურჭელს ამზადებდა კ. კუჩენბახის მინის ქ-ნა ბორჩალოს მაზრაში. ქალაქმშენებლობის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამშენებლო მასალებზე მოთხოვნილება. აგურის ქ-ნებში დაინერგა ორთქლის ძრავები, XIX ს. 90-იან წლებში თბილისში ასეთი 4 ქ-ნა ფუნქციონირებდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნებოდა მსუბუქ მრეწველობაშიც. მთლიანად სამანქანო წარმოებაზე გადავიდა ბამბის დამუშავება. 1875 გ. ადელხანოვმა თბილისში ტყავის დამმუშავებელი ქ-ნა ააგო. მოგვიანებით მანვე გახსნა ქეჩისა და ფეხსაცმლის ფ-კებიც. ტყავის მსხვილი ფ-კები ჰქონდათ ზარგარიანსა და ვართაზარიანსაც. XIX ს. 80–90-იან წლებში განვითარების მნიშვნელოვან დონეს მიაღწია თამბაქოს გადამმუშავებელმა წარმოებამ. 1903 საქართველოში თამბაქოს 7 მსხვილი ფ-კა მუშაობდა, აქედან 4 – თბილისში. ქართველი მეწარმეები დაწინაურდნენ სპირტისა და სპირტიანი სასმელების წარმოებაში. ამ სფეროში გამორჩეული ადგილი დაიკავა დ. სარაჯიშვილმა. XX ს. დამდეგს მისი კუთვნილი სპირტსახდელი და კონიაკის ქ-ნა წლის განმავლობაში 600 ათ. მან. პროდუქციას უშვებდა. დ. სარაჯიშვილის მაღალხარისხოვანი კონიაკი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც იგზავნებოდა და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.
საქონელწარმოების პარალელურად საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობაც. უკვე XIX ს. 70-იან წლებში საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 4 მლნ. მანეთის, რუსეთიდან 4,5 მლნ. მანეთის პროდუქცია შემოდიოდა. 90-იან წლებში დასავლეთიდან საქონლის იმპორტმა 10 მლნ. მანეთი, რუსეთიდან კი – 25 მლნ. მანეთი შეადგინა.
ამრიგად, XIX ს. ბოლოსთვის ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამოშვებული სამრეწვ. პროდუქციის ხვედრითმა წილმა 80–90% შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში სამრეწვ. გადატრიალება განხორციელდა. ჩამოყალიბდა 100-ათასიანი მუშათა კლასი, რ-იც ბურჟუაზიას დაუპირისპირდა. ამ პრობლემას თავისებურ ელფერს აძლევდა საქართველოში კ-ის განვითარების ორი ძირითადი თავისებურება: 1. საქართველოს პროლეტარიატის ძირითად ნაწილს ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ მაშინ, როდესაც ბურჟუაზიის რიგებში უპირატესად ადგილ. სხვატომელები და უცხოელები იყვნენ; 2. ქალაქად ჩამოსული და გაპროლეტარებული გლეხობის საგრძნობი ნაწილი სოფელთან კავშირს არ წყვეტდა და იქ მიწის ნაკვეთს ინარჩუნებდა.
XX ს. 20-იანი წლებიდან 80- იანი წლების ბოლომდე საბჭოთა საქართველოში კაპიტალისტური წყობის განვითარება წყდება.
1991-იდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში საქართველო ცენტრალიზებული გეგმიური მეურნეობიდან იწყებს კ-ში გადასვლას. ტრანსფორმაცია ეკონომიკური ლიბერალიზმის გზით წარიმართა, რ-იც გულისხმობდა ფასების ლიბერალიზაციას, თავისუფალი საგარეო ვაჭრობის ფორმირებას და სახელმწ. საკუთრების კერძო საკუთრებაში გადაცემას პრივატიზების გზით. XX ს. 90-იანი წლების ბოლოს ყველა საქონელზე სრულად განხორციელდა ფასების ლიბერალიზაცია, გაუქმდა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ფასები და მისი ფორმირება დაემყარა საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებას. ამავე პერიოდში ექსპორტი გათავისუფლდა გადასახადებისაგან, თანდათანობით მოიკლო შეზღუდვებმა იმპორტზე და მასზე დაწესდა გადასახადები, რ-იც შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. საბაზრო რეფორმირების ამ ეტაპზე საქართველოში ნელა, მაგრამ თანდათანობით ხდებოდა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის წინაპირობების შექმნა. 2000 მისი განვითარების ახ. ინსტიტუციური პირობა შექმნა საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებამ. კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა საქართველოს კავშირი გარე სამყაროსთან, გამარტივდა ექსპორტ-იმპორტის პროცედურები, შემცირდა გადასახადები და გადასახადის სახეები, გამარტივდა სატარიფო და არასატარიფო რეგულირება, განხორციელდა სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიცირება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებით რეგიონალურ და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო, შემცირდა თავისუფალი კონკურენციის ბარიერები საბაჟოს, ლიცენზირების და ნებართვების, საკუთრების რეგისტრაციის გამარტივებით. ამჟამად საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონ. რეჟიმი, გამარტივებული სავაჭრო პროცედურები, არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვა ვაჭრობაში და სატარიფო კვოტები. არ არსებობს მნიშვნელოვანი არასატარიფო შეზღუდვებიც. პრივატიზების პროცესი, სხვა მიზნებთან ერთად, მიმართული იყო იმისკენ, რომ სახელმწიფოსაგან გათავისუფლებულიყო ის საწარმოები, რ-თა მართვაც არ შეიძლება ყოფილიყო ეფექტიანი, თუ კი ისინი დარჩებოდნენ სახელმწ. საკუთრებაში. კ-ის ტრანსფორმაციის შედეგად წარმოებრივი რესურსები უნდა გადანაცვლებულიყო დაბალმწარმოებლურიდან ისეთ საწარმოებზე, რ-ებიც უკეთ შეძლებდნენ რესურსების გამოყენებასა და ახ. რესურსების მოზიდვას. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მათ საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა.
XX ს. 90-იანი წლებიდან სახელმწ. საკუთრებაში არსებული ქონება თანდათანობით კერძო მესაკუთრეების ხელში გადავიდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კაპიტალ. საბაზრო ეკონომიკას. საწყის ეტაპზე პრივატიზებას დაექვემდებარა მცირე და საშუალო საწარმოები, რ-თა განსახელმწიფოებრიობა შექმნიდა კონკურირებად ბაზარს. შემდგომ ეტაპზე მასობრივ პრივატიზებაში ჩაერთო მთელი მოსახლეობა და დაიწყო მსხვილი საწარმოების პრივატიზება სააქციო საზ-ბებად გარდაქმნით. ამჟამად, სახელმწ. საკუთრებაში არის დარჩენილი მსხვილი საწარმოები. ამავე პერიოდში მიწის რეფორმამ საქართველოში სათავე დაუდო მიწის კერძო საკუთრებისა და მიწის ბაზრის ჩამოყალიბებას. საპრივატიზაციო პროგრამით მიწა მოსახლეობას უფასოდ გადაეცემოდა. გლეხებს შეეძლოთ, საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული, მათ გამგებლობაში არსებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთები გაეზარდათ მაქსიმუმ 1,2 ჰა-მდე. სოფლად მაცხოვრებლებს დაემატათ 1 ჰა მიწა, ხოლო ქალაქად მაცხოვრებლებს, რ-ებსაც კავშირი ჰქონდათ სოფელთან, დასამუშავებლად გადაეცათ 0,25 ჰა, ქალაქის იმ მოსახლეობას კი, რ-საც მიწა მხოლოდ საცხოვრებლად სჭირდებოდა, გადაეცა მხოლოდ 0,15 ჰა მიწა. მეცხოველეობაში დასაქმებულ გლეხებს გადაეცათ 5 ჰა-მდე მიწის ფართი. პრივატიზების შედეგად მსხვილი სოციალ. ტიპის მიწათსარგებლობის სისტემა დაიშალა და ორიენტაცია გაკეთდა მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე. დამოუკიდებლობის აღდგენის ადრეულ პერიოდში მიწების განაწილება ემსახურებოდა შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
სოფლად კ-ის განვითარების მიზნით აუცილებელი გახდა სახელმწ. მიწების შემდგომი პრივატიზება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოში კერძო კაპიტალის ნაკლებობის გამო. უცხ. კაპიტალისათვის მიწების მიყიდვა კი პოლიტიკურად გართულდა, რადგან წარმოიშვა რეალური საფრთხეები, კონფლიქტები, რ-საც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა სახელმწიფოს ეკონ. უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ქვეყნის უშიშროებაზე, ასევე, მნიშვნელოვნად დაეზარალებინა სოფლის ადგილ. მცხოვრებლები. სას.-სამეურნეო დანიშნულების მიწა არსებითად განსაზღვრავდა ქვეყნის პოლიტ.-ეკონ. დამოუკიდებლობის ხარისხს. ამ მიზნით მიწების უცხოელი მოქალაქეებისათვის მიყიდვა სხვადასხვა პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული იყო, ან მორატორიუმი იყო გამოცხადებული მის გაყიდვაზე. თუმცა სოფლად კ-ის განვითარების არასაკმარისი დონე მოითხოვდა უცხ. ინვესტიციების მოზიდვას, კაპიტალის კონცენტრაციის ზრდას და შრომის ნაყოფიერების გაზრდას. ეს საკითხი დღესაც გადაუწყვეტელია.
ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი ა., კაპიტალისტური წარმოება. ვაჭრობისა და კრედიტის ფორმები, წგ.: საქართველოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 4, თბ., 2012; გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს. მონოგრაფიები, ტ. 1–6, თბ., 1949–79; საქართველოს ისტორია XIX ს., თბ., 2004; პ ა პ ა ვ ა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002; ს ი ლ ა გ ა ძ ე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2010; H a y e k F. A. (ed.), Capitalism and the Historians, Chi., 1953; M i s e s Ludwig von, The Anti-capitalistic Mentality, Alabama, 2008; P i k e t t y Th., Capital in the Twenty-First Century, Cambr., 2014.
უ. ბლუაშვილი
მ. თოქმაზიშვილი