კაჟები, ქვედა პალეოლითის (გვიანდ. აშელი და ადრინდ. მუსტიე) და ნეოლით-ენეოლითის ხანის ნაბინავარი სახელოსნო სოფ. სკინდორის ტერიტორიაზე (ჭიათურის მუნიციპალიტეტი). უშუალოდ კაჟის საბადოსთან (აქედან მოდის სახელწოდებაც) აღმოაჩინეს 1957. დაახლ. 1 ჰა სახნავი მიწის ზედაპირზე მოპოვებულია პალეოლითის ხანის 2000-მდე ქვის ნივთი, მ. შ. დისკოიდალური, ერთფუძიანი და ორფუძიანი, აგრეთვე კუს ჯავშნის ფორმის ნუკლეუსები, მასიური კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცები, ლევალუაზური და არალევალუაზური ლამელები. აგრეთვე უხეში საჩეხი იარაღი, სახოკები, დანები და წვეტანები. ანატკეცების მნიშვნელოვანი ნაწილის ზურგი დაფარულია კაჭრის კანით, ნაწილს კი ეტყობა წინამორბედი ფირფიტების ატკეცის კვალი. აშელ-მუსტიეს ხანის ქვის იარაღი და ანატკეც-ლამელები დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო სქელი პატინით.
ნეოლით-ენეოლითის ხანის მასალიდან აღმოჩენილია ორმხრივ დამუშავებული კაჟის ნამგლისპირები, სხვადასხვა მოყვანილობის ისრისპირები და მათი ფრაგმენტები, ორმხრივ დამუშავებული მინიატიურული საჩეხი, მჭრელი და პიკისებური იარაღი, საფხეკსახოკები, სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და სხვ. კ-ის ქვის ნაწარმისათვის ნედლ მასალად გამოყენებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი თურონის იარუსის მონაცრისფრო და მოწითალო მაღალხარისხოვანი კაჟი. ნასახლარზე საძიებო თხრილმა კულტ. ფენების არსებობა არ დაადასტურა. როგორც ჩანს, ქვის მასალა მიწის ზედაპირზე მოხვდა ნიადაგის ლოკალური გადარეცხვისა და ფართობის ხშირი ხვნაგადაბრუნების შედეგად. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: იხ. სტ-თან კ ა ჟ ნ ა რ ი.
დ. თუშაბრამიშვილი