კაჟის იარაღი

კაჟის იარაღი, კაჟის ქანისაგან დამზადებული შრომისა და საბრძოლო იარაღი. განსაკუთრებული თვისებების (სიმტკიცე, ტკეცადობის უნარი, ბასრი გვერდები, სხვა მასალასთან შედარებით პლასტიკურობა და სხვ.) გამო ადამიანი კაჟს ფართოდ იყენებდა საზ-ბის განვითარების უძველესი პერიოდიდან რკინის მეტალურგიის განვითარებამდე და ნაწილობრივ შემდგომ ხანაშიც.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ტერიტ-ზე გამოვლენილ სხვა­და­სხვა ხანის არქეოლ. კულტურებში მრავლადაა ქვის, მ. შ. კ. ი. მის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის შერჩევას უმთავრესად განაპირობებდა შესაბამის საბადოთა სიახლოვე. ალბათ, ამიტომაა, რომ დას. საქარ­თვე­ლო­ში ძირითადად კაჟი გამოიყე­ნებოდა, აღმ-ში – ობსიდიანი.

დმანისის ნაქალაქარის ტერიტორია­ზე უძველესი სადგომის გამოვლენამ კავკასიაში ადამიანის პირველად გამოჩენის საკითხი ახლებურად დააყენა. სამხრ. კავკასიის ამ რეგიონში, როგორც ჩანს, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები იყო. უხვად მოიპოვებოდა აგრეთვე იარაღისათვის საჭირო ქვის მასალა, მ. შ. კაჟიც. დმანისის უძველესი სადგომის ქვის არტეფაქტები ძირითადად გაკაჟებული ტუფისგანაა მიღებული.

ქვედა პალეოლითში, აშელის ეპოქის დასაწყისიდან კავკასიას ფართოდ ითვისებს უძველესი ადამიანი და შემდგომ, ძველი ქვის ხანის თითქმის მთელ პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად განაგრძობს აქ ცხოვრებას. მის მიერ დამზადებული აშელური კ. ი. უხეშია, წარმოადგენს უმთავრესად დისკოსებრი ნუკლეუსებიდან ჩამოტეხილ ანატკეცებს, რ-ებიდანაც გაკეთებულია წვეტანები და სახოკი იარაღი. დამახასიათებელია აგრეთვე ბიფასური ტექნიკით ორმხრივად დამუშავებული ხელცულები. ამ დროს ჯერ კიდევ არ იციან იარაღის მეორეული რეტუშით დამუშავება.

პირველყოფილი ადამიანის მიერ სამხრ. კავკასიის ინტენსიურად ათვისების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა აშელის მომდევნო – მუსტიეს პერიოდში, როდესაც ადა­მიანი ძირითადად კავკასიის თითქმის ყველა ლანდშაფტურ ზოლს იკავებს. ჩნდება კაჟის ახალი სახის იარაღი, უპირატესად ხელწვეტანა და საფხე­კი. განსაკუთრებით ინტენსიური ცხოვრების კვალი ჩანს ზემო იმე­რეთ­ში, რ-იც მდიდარია ბუნებრივი გამოქვაბულებითა და კაჟის მასალით. აქ მოპოვებული წვეტანები, სამკუთხა ლამელები წითელი კაჟისგანაა დამზადებული და დაფარულია მოყვითალო-ყავისფერი პატინით. ლამელები უკვე ნაკლებმასიურია. გახშირებულია იარაღის მეორეული დამუშავების შემთხვევები. მუსტიეს დროს ადამიანები დაეუფლნენ ქვის ჩამოტკეცვას და ანატკეციდან უფრო მსუბუქი იარაღის დამზადებას. მუსტიური ღია სადგომები აღმოჩნდა აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც. აქ იარაღის გასაკეთებლად ძირითადად გამოყენებულია ად­გილ. ანდეზიტი. შედარებით მცირეა ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი, რ-იც, ალბათ, თრიალეთიდან და იმერეთიდანაა შემოტანილი.

ზედა პალეოლითის დასაწყისისთვის გლობალური გამყინვარების გამო კავკასიაში აცივდა, რამაც გავლენა მოახდინა ადამიანის ცხოვრების პირობებზე. იგი იძულებული გახდა აეთვისებინა ბარის ის ადგილები, სადაც ბუნებრივი თავშესაფრები არსებობდა – გამოქვაბულები, ფარდულები, ეხები. ამ დროის ადამიანი ძირითადად დას. სა­ქარ­თვე­ლოში, უპირატესად მდ. რიონისა და ყვირილის აუზში ცხოვრობდა. სრულად გადახა­ლისდა ქვის ინდუსტრიაც. ჩნდება ახა­ლი ტიპის იარაღი, წნევითი ტექნიკით დამუშავებული მაკროლითები. ნეოლითის ხანაში იწყება მწარმოებლური მეურნეობა, უმჯობესდება კ. ი-ის დამუშავების ტექნიკა. ამ დროის უადრესი ძეგლები სამხრ. კოლხეთშია გამოვლენილი. ქვის ინვენტარი შედგება უპირატესად კაჟისა და ობსიდიანისგან. ზოგან ჭარბობს ობსიდიანი, რაც გასაკვირია მახლობლად მაღალხარისხოვანი კაჟის გამოსავლების არსებობის პირობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ამ მხარეში ობსიდიანის გავრცელება უკავშირდება სამხრ. სა­ქარ­თვე­ლოს მაღალმთიანეთიდან მოსახლეობის გარკვეული მასის გადმოსახლებას. კ. ი-ს უპირატესობა დადასტურდა ამავე ხანის რამდენადმე მოგვიანო ძეგლებზე.

ენეოლითის პერიოდის აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კ. ი. ცოტაა. მეტწილად გამოიყენება ობსიდიანი. ამავე პერიოდის დას. სა­ქარ­თველო­ში ძირითადად კ. ი. გამოიყენება. კაჟის პირველადი და­მუშავება ხდებოდა ძირითადად ბუ­დობების ადგილას, რაც ზემო იმე­რეთ­ში ბლომადაა. ნამოსახლარებზე კი ნახევარფაბრიკატები მიჰქონდათ, სადაც იარაღის დამამზადებელი სახელოსნო იყო. იარაღი დამუშავებულია ორმხრივად, წნევითი "მცოცავი" რეტუშით. ჩნდება კაჟის დიდი ზომის შუბისა და ისრისპირები, კომბინირებული იარაღი და სხვ.

კ. ი-ის სიმრავლე დამახასიათებელია დას. სა­ქარ­თვე­ლოს მომდევნო – ადრე ბრინჯაოს ხა­ნისათვი­საც. კვლავ გვხვდე­ბა კაჟის ისრისა და შუბის პირები, საფხეკები, საჭრისები და სხვ. რიონყვი­რილის აუზში გამოვლენილ ადრე ბრინჯაოსა და წინარე ხანის ამ რეგიონის კულტურას შორის სხვაობა თითქმის არ ჩანს. მრავლადაა კ. ი., განსაკუთრებით კი ნამგლის ჩასართები ამავე ხანის აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ვარაუდობენ, რომ მაღალხარისხოვანი, მუქი ყა­ვისფერი კაჟი აქ იმერეთიდან შე­მოჰქონდათ. იყენებდნენ ადგი­ლობრივ, დაბალხარისხოვან კაჟ­საც. აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურა ქვის იარაღის მხრივ ნაკლებად უკავშირდება ად­გილ. წინარე კულტურას, რ-თვისაც უფრო ობსიდიანის იარაღი იყო დამახასიათებელი. კ. ი-ის ფართო გამოყენების გამო მას მეტი საერთო აქვს დას. სა­ქარ­თვე­ლოსთან.

ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ-ში მტკვარ-არაქსის კულტურას ენაცვლება ე. წ. ადრეული ყორღანების კულტურა, წარმოდგენილი მარტყოფული და ბედენური ჯგუფის ყორღანული სამარხებით. თუ მარტყოფული ჯგუფის ყორღანებში ქვის იარაღი იშვიათია, ბედენურში იგი მრავლად გვხვდე­ბა მეტად ფაქიზად, წვრილი პარალელური ამოღარვის ტექნიკით დამუშავებული კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირების სახით. დამუშავების მხრივ მნიშვნელოვნადაა დეგრადირებული მომ­დევნო – გვიანი ბრინჯაოს ხანის ისრისპირი აღმ. სა­ქარ­თვე­ლოდან, რ-იც აქ მალევე მთლიანად ქრება. დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ქვის იარაღის, მ. შ. კაჟის ისრისპირის გამოყენება ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ანტ. ხანის ეპოქალური ძვრების შედეგად ქვის ისრისპირების გამოყენების ტრადიცია აქაც ისპობა – კაჟი მხო­ლოდ კევრის კოხებისთვის, კაჟიანი თოფების კვესებისა და სხვ. წვრილმანი იარაღის დასამზადებლად გვიანობამდე გამოიყენებოდა.

ლიტ.: ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე  ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურები, თბ., 1986; ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე  ა., ქვის ისრისპირები სა­ქარ­თვე­ლოდან, «ძიებანი», 2004, №13–14; სა­ქარ­თველოს არქეოლოგია, თბ., 1992; სა­ქართვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., სა­ქართვე­ლოს ისტორიის სათავეებთან, თბ., 2003; მ ი ს ი ვ ე, ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, თბ., 2006.

ა. ორჯონიკიძე