კაჟნარი, ს ა ქ ო რ ი ა - კ ა ჟ ნ ა რ ი, კულტურულ ფენას მოკლებული ღია ტიპის ქვედა პალეოლითური ნაბინავარი სახელოსნო. მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. კაცხის ტერიტორიაზე, სოფლის სამხრ. განაპირას, ადგილ. საქორია-კაჟნარზე, მდ. ყვირილის მარჯვ. ნაპირიდან 400–500 მ დაშორებით, 200–250 მ სიმაღლის პლატოზე, რ-საც ჩრდ.-დას-ის მხრიდან ჩაუდის მდ. კაცხურა, აღმ-იდან – საკმაოდ ღრმა ღელე, ხოლო სამხრ-ით – მდ. ყვირილა. ტერიტორია (დაახლ. 4 ჰა) ძირითადად წარმოადგენს მოვაკებულ სახნავ ფართობს, რ-ის ზედაპირი თითქმის მთლიანად დაფარულია კაჟის სხვადასხვა ზომის ბუნებრივი ნატეხებით, მ. შ. გვხდება ადამიანის ნახელავი იარაღი და წარმოების სხვა ნაშთები. საქორია-კაჟნარზე კაჟის შემადგენელი კირქვის ქანები ნაწილობრივ გაშიშვლებულია. ნიადაგის ხშირმა ხვნა-გადაბრუნებამ კი ხელი შეუწყო კაჟის დამტვრევას და მის დიდ ფართობზე მიმოფანტვას (მ. შ. კულტურული ნაშთებისაც). კაჟი თურონ-სენონის იარუსისაა და ძირითადად მოყავისფრო ან მონაცრისფროა; წარმოების ნაშთები მიწის ზედაპირზე სავარაუდოდ მოხვედრილია ნიადაგის ლოკალური გადარეცხვის გზით – მასალას არ ეტყობა შორ მანძილზე გადაადგილება, ამ პროცესს არც რელიეფი უწყობს ხელს. ძეგლი მიკვლეულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ყვირილის აუზის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (1958; ხელმძღვ. დ. თუშაბრამიშვილი). მასალის შეგროვება მიწის ზედაპირზე მომდევნო წლებშიც ხდებოდა. სულ მოპოვებულია 4000-მდე ქვის ნივთი. კოლექცია წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსებით, კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცებით, ლამელებით და მათზე დამზადებული იარაღებით. მ. შ. აღსანიშნავია უაღრესად მასიური, ტლანქი ხელცული ფართო ქუსლით, შედარებით სრულყოფილად დამუშავებული მცირე ზომის ხელცულები, სახოკები, ნუკლეუს-საჩეხები და სხვ. მთელი მასალა დაფარულია მოყვითალო, მოწითალო და მოთეთრო ღრმა პატინით. საქორია-კაჟნარის ქვის ნაწარმი არაერთგვაროვანია, კოლექციის მცირე ნაწილი თარიღდება შუა აშელის ეპოქით, მოზრდილი ნაწილი კი – გვიანი აშელით. მასალა დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ფონდებში.
ლიტ.: გ ა ბ უ ნ ი ა მ., ნ ი ო რ ა ძ ე მ., ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე ლ. და სხვ., ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბ., 2015; თ უ შ ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23 B; საქართველოს არქეოლოგია, ტ. 1, თბ., 1991; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.1, თბ., 1970.
დ. თუშაბრამიშვილი