კარავი, პარლამენტის მსგავსი დაწესებულება, რომლის დაარსებაც მოსთხოვა ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურმა დასმა საქართველოს მეფე თამარს. „კ." უნდა დაედგათ ისანში, მეფის სასახლის მახლობლად და უნდა მისცემოდა საკანონმდებლო უფლებები. სავარაუდოდ, მასში მსხვილ ფეოდალებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალაქის ზედაფენის წარმომადგენლებსაც. მის წევრებს უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: „მიცემისა და მოღებისა", „წყალობისა და შერისხვისანი" (სხვადასხვა თანამდებობის წყალობა და ჩამორთმევა, საჭიროების შემთხვევაში – დამნაშავე თანამდებობის პირთა დასჯა, ე. ი. უზენაესი მართლმსაჯულების უფლება). საქართვ. მეფე არც „კ-ის" მუშაობაში იღებდა მონაწილეობას და არც საქმის განხილვაში უნდა ჩარეულიყო. მას მხოლოდ „კ-ში" გადაწყვეტილი („განგებული") საკითხის სისრულეში მოყვანა („სრულექმნა") ევალებოდა. ამგვარად, ყუთლუარსლანის დასის მიერ წამოყენებული პროგრამა მეფეს მხოლოდ აღმასრ. უფლებებს უტოვებდა. „კ." არსებითად განსხვავებული იქნებოდა „დარბაზისგან", რადგან იგი უნდა ყოფილიყო არა სათათბირო და ერთჯერადი ორგანო, არამედ მუდმივი დაწესებულება ჩამოყალიბებული საკანონმდებლო უფლებებით.
ყუთლუ-არსლანის პოლიტ. დასის გამოსვლა მარცხით დამთავრდა და „კ-ის" დაარსების იდეაც ვერ განხორციელდა. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა და პროგრამა ნათლად გვიჩვენებს, თუ განვითარების რა მაღალ დონეზე იდგა ქართვ. საზოგადოებრიობა, რ-იც ჯერ კიდევ XII ს-ში მოითხოვდა სახელმწ. წესწყობილების შეცვლას და ე. წ. კონსტიტუციური მონარქიის შექმნას. არის მოსაზრება (ნ. ბერძენიშვილი), რომ ყუთლუ-არსლანის პოლიტ. პროგრამა იყო შემდგომი განვითარება იმ საუკუნოვანი ბრძოლისა, რ-საც ფეოდალური ოპოზიცია ეწეოდა მეფის თვითმპყრობელური მიდრეკილების წინააღმდეგ.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., შინაკლასობრივი ბრძოლა საქართველოში XII ს. 80-იან წლებში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 7, თბ., 1974; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.
რ. მეტრეველი