კარალეთი (ყოფ. ნაჭარმაგევი), სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე, გორი–ცხინვალის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: კ., დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება). ზ. დ. 660 მ, გორიდან 9 კმ. 6,2 ათ. მცხ. (2014).
კ-ში მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. კ. იყო საქართველოს მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) წერს: „ნ ა ჭ ა რ მ ა გ ე ვ ი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო, და აწ კ ა რ ა ლ ე თ ა დ წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი". XV ს. II ნახევრიდან კ. ზაზა ფანასკერტელის მამულია. XVII ს-ში აქ ციციშვილები (ფანასკერტელთა შთამომავალნი) ფლობდნენ ყმამამულს, XVII ს. მიწურულს – ქსნის ერისთავები, XVIII ს. ბოლოს და XIX ს. დასაწყისში კ. ერისთავთა ხელში გადავიდა.
სოფლის სასაფლაოზე დგას შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია.
ჯ. გვასალია