კარატაული ენა, იბერიულ-კავკასიური ენების დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტნის ახვახის რ-ნის აულებში – კარატაში, არჩოში, ანჩიხში, ზემო და ქვემო ენხელოში, ტოქიტაში. რუსეთის 2010 აღწერის მიხედვით, ამ ენაზე ლაპარაკობს სულ 255 ადამიანი (Большая Российская Энциклопедия), ადრინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 6000-ს უდრიდა. ძირითადად გამოიყოფა 2 დიალექტი: საკუთრივ კარატაული და ტოქიტური. მათ შორის გაგებინება გაძნელებულია.
კ. ე-ის ფონეტ. სისტემაში 5 მარტივი (ა, ე, ი, ო, უ) და 3 ნაზალიზებული ხმოვანია. თანხმოვანთა სისტემა რთულია, აღსანიშნავია ხშულ-მსკდომთა სამეულები; სპირანტებიც სამეულებს ქმნის. ლატერალურ თანხმოვანთაგან, სონორი ლ-ს გარდა, არის აგრეთვე 5 ჩქამიერი ფონემა. დასტურდება სუსტი, მკვეთრი აფრიკატი ლატერალიც.
სახელები იყოფა გრამატ. კლასების მიხედვით. მხოლოობითში გამოიყოფა 3 კლასი, მრავლობითში – 2. არსებით სახელთა მრ. რ. იწარმოება საგანგებო სუფიქსებით; ზმნებსა და ზედსართავ სახელებში რიცხვის საწარმოებლად კლასის ნიშნებია გამოყენებული. ძირითადი ბრუნვებია: სახ., მოთხრ., ნათ., მიც. (ტოქიტურში – აფექტივიც) და ადგილობითი ბრუნვების რთული სისტემა, რაც 8 სერიას ქმნის. ბრუნება ორფუძიანია, თვლა – ათობითი (ტოქიტურში – ოცობითი). პირის ნაცვალსახელებში გაირჩევა ინკლუზივი და ექსკლუზივი.
ზმნა იცვლება გრამატ. კლასის მიხედვით, პირისა და გვარის კატეგორია არ მოეპოვება, აქვს დადებითი და უარყოფითი ფორმები. გავრცელებულია ზმნურ ფორმათა აღწერითი წარმოება. არის მიმღეობები, ინფინიტივიცა და მასდარიც. დიდ როლს ასრულებს აბსოლუტივი (განსაკუთრებით რთული წინადადების გადმოსაცემად). სიტყვაწარმოება შედარებით ღარიბია. ლექსიკაში კარგადაა დაცული უძველესი ფენა. მრავლადაა ნასესხები სიტყვები რუს. და ხუნძური ენებიდან. კ. ე. უმწერლობო ენაა (სამწერლობო ენად იყენებენ ხუნძურს).
ლიტ.: Б о к а р е в А. А., Материалы по диалектологии андо-цезских языков, I. Наречие аула Токита, კრ.: Памяти акад. Н. Я. Марра, М.–Л., 1938; Г у д а в а Т. Е., Консонантизм андийских языков, Тб., 1964; М а г о м е д б е к о в а З. М., Каратинский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; მისივე, Каратинский язык. Грамматический анализ, тексты, словарь, Тб., 1971; М а г о м е д о в а П. Т., Х а л и д о в а Р. Ш., Каратинско-русский словарь, СПб., 2001.
ზ. მაჰომედბეკოვა