კარატე

კარატე

კარატე, აღმოსავლური საბრძო­ლო და სპორტული ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა. მისი კონცეფცია გა­მოირჩევა რაციონალურობით, წარ­მოადგენს უნიკალურ სის­ტემას რო­გორც ფიზიკური მომზადების, ასევე ფსიქოლოგიური მზადყოფნის, მდგრადობის გან­ვი­თარებისათვის. 2016 საერთაშ. ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, კ. მასში შემავალი ხუთივე სტილით (შოტოკანი, შიტო-რიუ, ვადო-რიუ, გოჯურიუ და კიოკუშინკაი) აღიარებულია სპორტის ოლიმპიურ სახეობად და შეტანილია 2020 ოლიმპიადის პროგრამაში. კიოკუშინკაის სტილიდან ოლიმპიურ თამაშებში სპორტული კ-ს წესებით მონაწილეობის მიღებაზე ნება დაერთო მხო­ლოდ ორ ორგანიზაციას – IKO-სა და IKO-1-ს.

აღმოსავლურ ორთაბრძოლებში შიშველი ხელით ბრძო­ლის განვითარება უკავშირდება ბუდისტ ბერს – ბოდჰიდჰარმას. შაოლინის მონასტერში მან შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი და განახორციელა მათი შერწყმა ხელჩართული ბრძო­ლის ილეთებთან. თანამედროვე იაპონური კ. სათავეს იღებს რიუკიუს არქიპელაგის კ. ოკინავადან. ჩინელმა ლტოლვილებმა ჩინურ კემპოსთან გააერთიანეს ორთაბრძო­ლის ადგილ. მეთოდები და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ტა-ტე („ტა" იეროგლიფი ჟღერს როგორც „კარა" და ტანის ჩინურ დინასტიას აღნიშნავს; „ტე"– ხელი, კარატე – „ჩინური ხელი"). საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, რ-იც მოგვიანებით იწოდებოდა „ოკინავა-ტედ", აითვისა ად­გილ. მოსახლეობამაც. „ტა-ტემ" (კარატემ) ორთაბრძო­ლის ხელოვნებასთან ერთად მიიღო გასამხედროებული ტანვარჯიშის სახე.

თანამედროვე კ-ს პოპულარიზაცია უკავშირდება გიჩინ ფუნაკოშის სახელს. მან შეცვალა იეროგლიფი „კარა" იმავე ჟღერადობის სხვა იეროგლიფით, რ-იც ნიშნავდა „სიცარიელეს". მას მერე დამკვიდრდა დეფინიცია: კარატე – ცარიელი ხელი. XX ს. 40-იანი წლების ბოლოსათვის მასუტაცუ ოიამამ შექმნა ოკინავური ფესვების მქონე სტილი „კიოკუშინკაი" (გზა აბსოლუტური ჭეშმარიტებისაკენ), პირველი „დოჯო" გახსნა 1953.

არსებობს კ-ს სპორტული, გამოყენებითი და ტრად. მიმდინარეობები. ოკინავური კ-ს მრავალი მიმდინარეობიდან დროის გამოცდას გაუძლო რამდენიმე სტილმა: შოტოკანი, შიტო-რიუ, ვადო-რიუ, გოჯუ-რიუ და კიოკუშინკაი. კ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული საუკუნის 50-იან წლებში.

1966 პარიზში ჩატარდა ევროპის პირველი ჩემპიონატი კ-ში. 1990 შეიქმნა კ-ს მსოფლიო ფედერაცია (WKF), რ-შიც გაერთიანებულია შოტოკანის, ვადო-რიუს, გოჯუ-რიუსა და კიოკუშინკაის სტილობრივი სახეობები. შესაბამისმა ფედერაციებმა მოახდინეს ამ სტილთა სპორტული უნიფიკაცია, რის შემდეგაც კ. აღიარეს სპორტის სა­ხეობად (კიოკუშინკაის სტილის უმეტესი მიმდინარეობა არ იზიარებს შეჯიბრების ჩატარების სპორტულ წესებს).

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ-ს ისტორია მეტწილად უკავშირდება ზ. ლეჟავას სახელს. 1970-იდან მას შეუერთდნენ მ. წვერავა, ვ. გონჩარენკო, პ. ჯიჯეი­შვი­ლი და ი. ყეინა­შვი­ლი. იმხანად არ იყო კ-ს არც ერთი ­ქართვ. სპეციალისტი. ენთუზიასტები მწირი ინფორმაციით ცდილობდნენ მაქსიმუმის ათვისებას. მათ შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს რეგულარული ვარჯიში. 1976-იდან ამ ჯგუფს შეუერთდნენ თ. რამი­შვი­ლი, გ. ბარაბაძე, დ. გვალია, დ. თევზაძე, ა. მიქაძე, გ. დარჩია­შვი­ლი, თ. ჯორჯაძე, დ. სულაქველიძე, ო. რევი­შვი­ლი, ს. დოლიძე, გ. ბერიძე, ბ. მაღალთაძე. ასეთივე ჯგუფი ჩა­მო­ყა­ლიბდა სოხუმშიც – ს. დარახველიძე, ვ. ჯაფარიძე, რ. ხუროძე, თ. ჯახაია. ენთუზიასტთა ძალისხმევამ ხელი შეუწყო სა­ქარ­თვე­ლო­ში კ-ს პოპულარიზაციას.

შემდგომ წლებში ენთუზიასტთა მომდევნო ჯგუფმა [კ. ბასილია, გ. ბაკურაძე, ა. შენგელია, ო. გელაძე, დ. მოდებაძე, ა. (საჩინო) კიკაბიძე, ვ. გულბანი, თ. ცქიტი­შვი­ლი, ზ. კობაიძე, ბ. ხუცი­შვი­ლი, ტ. ძებისა­შვი­ლი, მ. ყუბუსიძე, ა. რუბა­შვი­ლი, გ. ახალაძე, თ. და თ. გიგნაძეები, ა. მელაძე; აფხაზეთიდან: ვ. ბარაბაძე, ს. და კ. გოგიები, კ. კაკაბაძე, ტ. და ა. ბიწაძეები] კიდევ უფრო განავითარა სპორტის ეს სახეობა.

სსრკ-ის II ჩემპიონატზე (ტალინი, 1982) კ-ში გ. ბაკურაძემ ოქროს მე­და­ლი მოიპოვა და სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა, ხოლო მის მწვრთნელს, ზ. ლეჟავას – სა­ქართვ. დამს. მწვრთნელის წოდება. იგივე შედეგი გაიმეორა კ. ბასილიამ (1989). 1980 ჩატარდა სა­ქართვ. პირველი ჩემპიონატი კ-ში. 1983 სსრკ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით კ. აიკრძალა და მისი სწავლება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. 80-იანი წლების ბოლოს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და კ-ს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო.

გ. ბარაბაძის და ა. შენგელიას ინიციატივით ცალკე ერთეულად ჩა­მო­ყა­ლიბ­და კიოკუშინკაი კ-ს ჯგუფი, რ-ის ბაზაზეც შეიქმნა სა­ქართვ. კიოკუშინკაი კარატეს ფედერაცია. გაჩნდა უცხოელ, მ. შ. იაპონელ ოსტატებთან კავშირის დამყარებისა და მათი სა­ქარ­თველო­ში მოწვევის შესაძლებლობა.

1989 სა­ქარ­თვე­ლოს ტრად. კარატე-დოს (ზ. ლეჟავა) და კიოკუშინკაი კ-ს (გ. ბარაბაძე) ფედერაციებმა მიიღეს საერთაშ. აღიარება და გაწევრიანდნენ შესაბამის მსოფლიო ფედერაციებში. 1990 ჩატარდა სა­ქართვ. პირველი ღია, ლეგიტიმური ჩემპიონატი კიოკუშინკაი კ-ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქმედებს კ-ს მსოფლიო ფედერაციაში (WKF) შემავალი სხვა­და­სხვა მიმართულების ეროვნ. ფედერაციები: შოტოკანი (კ. ბასილია, სა­ქართვ. კ-ს ფედერაციის – GKF – პრეზიდენტი), ვადო-რიუ (მ. მა­ხარაძე), შიტო-რიუ, გოჯუ-რიუ (ო. გრძელი­შვი­ლი).

დღეისათვის არსებობს კიოკუშინკაი კ-ს სტილის სხვა­და­სხვა მიმდინარეობის რამდენიმე მსოფლიო ორგანიზაცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ საერთაშ. ორგანი­ზაციებს წარმოადგენს ანალოგიური მიმდინარეობის ეროვნ. ფედერაციები და კლუბები. ამ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ კიოკუშინკაი კ-ს ოსტატები: ა. შენგელია, ტ. ძებისა­შვი­ლი, ნ. კვანჭიანი, ა. ჩუბინიძე, გ. კაკაბაძე, ა. (საჩინო) კიკაბიძე, მ. ქანთარია, გ. ემინა­შვი­ლი.

ქართველმა სპორტსმენებმა თვალ­საჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშ. სარბიელზე. 1990 დამოუკიდებელი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით პირველმა წარმომადგენლებმა იასპარეზეს კ-ს მსოფლიო ჩემ­პიონატზე.

ამჟამად ტრადიციული (სპორტული) და სხვადასხვა სტილის სახეობებში სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის; მსოფლიოს ჩემპიონები ვაჟთა შორის არიან: გ. არქანია, კ. ბასილია, ლ. გორელაშვილი, ჰ. ვეკუა, გ. ზურაბიშვილი, დ. ტყებუჩავა, ი. ტყებუჩავა; ევროპის ჩემპიონები – ლ. ბარამიძე, ტ. ბახტაძე, ს. მოვსესიანი, ლ. ყამარაული, მ. წიკლაური; ქალთა შორის – თ. ბიბილეიშვილი, დ. დარჩიაშვილი, ქ. მამედოვა, თ. მელუა, მ. ქებურია. ამას გარდა – მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშ. ტურნირების პრიზიორები და იაპონიის ორი ჩემპიონი სხვა­და­სხვა სტილის სახეობებში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქმედებს IKO-ს მსოფლიო ორგანიზაციის ეროვნ. ორგანიზაციები. მათი ოფიც. წარმომადგენლები არიან: ტ. ძებისა­შვი­ლი, მ. ქანთარია და ა. (საჩინო) კიკაბიძე.

ა. კიკაბიძე

ტ. ძებისა­შვი­ლი