კარბელაშვილები, მგალობელმომღერალთა საგვარეულო, რომელიც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში (XVIII–XX სს. პირველ მესამედამდე) თაობიდან თაობას გადასცემდა სრული მგალობლის ტრადიციას, რაც ყოველი საგალობლის სამივე ხმის ცოდნასა და ლოტბარობას გულისხმობს.
კ-ის საგვარეულოს სათავეში ედგა პეტრე გრიგოლის ძე ხმალაძე (1754–1848), იგივე კარბელა (სახელი შეარქვეს სოფ. კარბში ცხოვრების გამო, საიდანაც მომდინარეობს კ-ის გვარიც). პეტრემ სამგალობლო ხელოვნება ერეკლე II-ის კარზე შეისწავლა. წლების განმავლობაში გალობდა კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-თან სამთავისის საკათედრო ტაძარში. გალობას ასწავლიდა მდ. ლეხურის ხეობის ტაძრებსა და სოფლებში.
გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილი (1812–80) იყო მღვდელი, დიაკვანი, სრული მგალობელი. გალობა მამისაგან ისწავლა. მსახურობდა სოფ. ქვემოჭალაში, ამილახვრების კარის ეკლესიაში, 1862-იდან – ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში; 1864–72 ქართულ გალობას ასწავლიდა თბილისის სას. სემინარიაში. ჰყავდა 6 შვილი – სიდონია და მისი ხუთი ძმა – ფილიმონი, ანდრია, პ. კარბელაშვილი, ვ. კარბელაშვილი, პეტრე 2011 წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ხუთივე ძმა წმინდანებად შერაცხეს (ხსენების დღე - 6 სექტემბერი).
ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილი (1836–79) – მღვდელი. 1869–79 იყო სამთავისის საკათედრო ტაძრის მქადაგებელი და მგალობელი.
ანდრია გრიგოლის ძე (1851–1924) და პეტრეგრიგოლისძე (1860–1924) კ. – მღვდელმოწამენი, მგალობლები, საბჭოური რეპრესიების მსხვერპლნი. ბოლშევიკებმა 1924 აჯანყებაში მონაწილეობის გამო ძმები დააკავეს და ტირიფონის ველზე დახვრიტეს.
ფილიმონ პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი (1870–1930) – მღვდელი, მგალობელი და პედაგოგი. განათლება მამასთან, პოლიევქტოსთან მიიღო. მუშაობდა დიაკვნად, მღვდლად სას. სასწავლებელსა და თბილისის სას. სემინარიაში. დიდი წვლილი შეიტანა ქართლ-კახური საგალობლების ნოტებზე გადატანისა და გამოცემის საქმეში.
ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ს., ტ ო გ ო ნ ი ძ ე ლ., ძმები კარბელაშვილები, თბ., 2012; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938; О н и а н и Е., С у х и а ш в и л и М., Семья Карбелашвили, Православная энциклопедия, М., 2012.
ე. ონიანი
მ. სუხიაშვილი