კარბელაშვილი ანდრე ლუარსაბის ძე (18. III. 1927, თბილისი, – 12. IV. 2013, იქვე), ინჟინერი, პუბლიცისტი. საქართვ. დამს. რაციონალიზატორი (1961), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1982). 1966 დაამთავრა სპი-ის კავშირგაბმულობის ფაკ-ტი. 1956–72 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა რ-ნში სატელეფონო კვანძის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო საქალაქო სატელეფონო ქსელების განყ-ბის უფროსი, ხოლო შემდეგ – საქალაქო და სასოფლო სატელეფონო ქსელების სამმართველოს უფროსი (1972–78); საქართვ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ., დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კავშირგაბმულობის სექტორის გამგე (1980–83); საქართვ. კავშირგაბმულობის სამინისტროს ტექ. სამმართველოს უფროსი (1983–91); საქართვ. კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე (1991–92). სამინისტროში მუშაობის პერიოდში კავშირგაბმულობის სფეროში დანერგა უახლესი ტექნოლოგიები.
კ. საქართვ. კავშირგაბმულობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მისი წიგნი „ძმები სიმენსები საქართველოში" ითარგმნა გერმ. ენაზე და გამოიცა მიუნხენში (1990), ერთი ეგზემპლარი ინახება ამავე ქალაქის სიმენსების მუზეუმში. კ. მრავალი გამოგონების ავტორია. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).