კარგარეთლები, ქართველი კალიგრაფები, რომლებიც XVI–XVII საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. თ. ჟორდანიას თანახმად, „ცნობილი კალიგრაფები კარგარეთელნი სვიმონ, გიორგი და ზებედე ცხოვრობდნენ XVI საუკუნეში,... კარგარეთელნი მესხეთიდან ჩამოსულან; სვიმონის მამა სოფრონ და სოფრონის მამა – ვარსიმე".
ს ვ ი მ ო ნ ი იღვწოდა სამხრ. საქართველოს სავანეებში. 1541 მან მაწყუერელი მთავარეპისკოპოსის, იოაკიმეს დავალებით გადაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური და სამეცნ. კრებული. ანდერძში ნათქვამია, რომ წიგნი "გათავდა საფარას" დიაკონ სვიმონ კარგარეთლის ხელით, სკთ ქორონიკონს (229+1312=1541), საბას ლავრაში. ეს 108-ფურცლიანი მცირე ზომის წიგნი (22,8 სმ × 16,8 სმ) გადაწერილია ნუსხურით ერთ სვეტად შავი მელნით. ნაწერი უჩვეულოდ წვრილია, ასოები მოკლე, გაკრულ-გამოკრული კიდურების გარეშე, სტრიქონებს შორის დიდი მანძილია, სინგური ტრადიციულადაა ნახმარი საზედაო ასოების, ცალკეული სტრიქონებისა და სიტყვებისთვის. წიგნი მაღალი კალიგრაფიული ოსტატობის ნიმუშია. სვიმონის მიერ ნუსხურით ორ სვეტადაა გადაწერილი გულანი, დიდი ფორმატის წიგნი (ორ ტომად შეკრული), რ-იც შესრულებულია მაღალმხატვრულ დონეზე.
ი ე ს ე ს გადაწერილია სადღესასწაულო, რ-საც ხელისა და თავსამკაულების მიხედვით XVII ს-ით ათარიღებენ. ეს მოზრდილი წიგნი (28 სმ × 20 სმ) ნაწერია ნუსხურით ორ სვეტად შავი მელნით. სინგური აქაც ტრადიციულადაა გამოყენებული საზედაო ასოების, სათაურებისა და ხაზგასასმელი სიტყვებისათვის; თავსამკაულის შესრულება მაინცადამაინც მაღალ დონეზე არ დგას, თუმცა არც ტლანქი და უმწეოა. სამაგიეროდ ნაწერი ბრწყინვალე კალიგრაფიული ოსტატობით გამოირჩევა: ძალიან წვრილი, მოკლე, პროპორციული ასოები არაჩვეულებრივი სიფაქიზით არის გამოყვანილი. ანდერძი, რ-შიც გადამწერი იხსენიება, მშვენიერი მხედრულითაა შესრულებული.
ა მ ბ რ ო ს ე გაბრიელის ძე მონაწილეობდა ბედიის გულანის გადაწერაში გაბრიელ ლომსიანისძესა და საბა ნაჭოფაძესთან ერთად. ამ გულანის გადაწერის მოთავე იყო ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტისძე, რ-მაც შავშეთიდან საგანგებოდ დაიბარა კალიგრაფი ლომსიანისძე. საფიქრებელია, რომ ამბროსეც სამხრ. საქართველოდან ჩავიდა ბედიაში. მისი ხელითაა ნაწერი 130–194 და 582–610 ფურცლები. იგი შესანიშნავი ოსტატი იყო – ერთი საუკეთესო გადამწერთაგანი ნუსხური ხელით (გულანი უზარმაზარია – 45,7 სმ × 31,5 სმ, ორ სვეტად ნაწერი, სვეტში 41 სტრიქონია; სინგური, ჩვეულებისამებრ, გამოყენებულია საზედაო ასოებსა და ცალკეულ სტრიქონებში).
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.
ვ. ბერიძე