კარდუხები

კარდუხები, ჩრდილო შუამდინარეთში მცხოვრები ხალხი; ქართველური ტომი. ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს (გ. ძვ. წ. 355/354) ცნობით, კ-ის განსახლების სამხრ. საზღვარი ქურთისტანის მთებზე იმ ადგილას გადიოდა, სადაც ეს მთები მდ. ტიგროსს ებჯინება. ჩრდ-ით სომხეთისაგან კ-ის ქვეყანას მდ. ტიგროსთან მდ. კენტრიტი (ახლანდ. ბოსტან-სუ) ყოფდა (გ. მაქსიმოვა), დას-ით ქ. ურფას რ-ნსაც მოიცავდა (ბ. ჰროზნი). მეცნიერთა დიდ ნაწილს (კ. ფ. ლემანჰაუპტი, ივ. ჯავახი­შვი­ლი, ს. ჯანაშია, გ. მელიქი­შვი­ლი, ს. გორგაძე, ვ. გოილაძე და სხვ.) კ. ქარ­თველური მოდგმის ხალხად მიაჩნია. ივ. ჯავახი­შვი­ლის აზრით, ეთნონიმი კ. „ერთ-ერთი მეგრულჭანური ტომის სა­ხე­ლია" და იგი ეროვნების აღმნიშვნელი „ხი"-თ ბოლოვდება ისევე, როგორც ტაოხი, კოლხი, ხოლო მდინარის სახე­ლი „კენტრიტი" იგივეა, რაც მდ. კინტრიში (აჭარაში). საყურადღებოა ისიც, რომ კ-ის ტერიტორიაზე მრავლად არსებული საცხოვრებელი გამოქვა­ბულები ძალზე წააგავს უფლისციხისა და ვარძიის ნაგებობებს (კ. ფ. ლემანჰაუპტი). ძვ. წ. 401 კუნაქსთან ბრძო­ლის შემდეგ ჩრდ-კენ მიმავალმა ბერძნებმა კ-ის მიწა-წყალზე გავლას შვიდი დღე მოანდომეს და ამ დროის განმავლობაში განუწყვეტელი ომი ჰქონდათ კ-თან. როგორც ქსენოფონტე წერს, კ. კარგად იყვ­ნენ დაუფლე­ბულნი თავდასხმე­ბისა და უკანდახევის ტაქტიკას. ბრძო­ლისას ისინი მღეროდნენ. ჰქონდათ კარგად გამაგრებული ქალაქები, იყვნენ საალყო მანქანების განთქმული მშენებლები; ცხოვრობდნენ მდიდარ სოფლებში; მისდევდნენ მესაქონლეობას, მევენახეობას – ღვინოს მიწაში ჩადგმულ ქვევრებში აყენებდნენ. მიცვალებულის მოხსენიებისას სვამდნენ ზედაშეს და მიცვალებულის საფლავზე აქცევდნენ. ძვ. წ. 333, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აზიის დაპყრობის შემდეგ, კ-ის ტერიტორიაზე მაკედონიიდან გადასახლებული მიგდონები დასახლდნენ, რის გამოც ეს მხა­რე მიგდონიად იწოდა. კ-ის ნაწილი ჩრდილოეთში გადმოსახლდა და მესხებს შეერია. სამშობლოში დარჩენილი კ. რომაულ ხანაში სხვა­და­სხვა ბრძოლაში მონაწილეობდნენ. სტრაბონის ცნობით, როცა სომხეთის მეფე ტიგრან II-მ (ძვ. წ. 95–55) სირია და ფინიკია დაიმორჩილა, ქალაქი დააარსა იბერიის (იგულისხმება კ-ის ქვეყანა) მახლობლად. მისივე ცნობით, კ-ის ქვეყანაშია ქ. "ნისიბიდა", რ-საც მიგდონიის ანტიოქიას უწოდებენ (ქ. ნისიბისი ანტიოქიად იწოდება ვახტანგ გორგასლის "ცხოვრებაშიც"). ნისიბისის ახლოს იყო ციხე "ჰარმაზი". სტრაბონი ასახელებს კ-ის ქვეყნის სხვა ქალაქებსაც, აღწერს ბუნებას, ცხოველთა სამყაროს. 363 რომსა და ირანს შორის დადებული ზავით, კ-ის ქვეყანა ირანის ხელქვეით მოექცა, ამიტომ ქვეყნის ქრისტიანი მოსახლეობა ქ. ედესაში გადასახლდა, რის შედეგადაც ედესის ქართ. კოლონია ქარ­თვე­ლური მოსახლეობით შეივსო. ნისიბისიდან ედესაში გადაიტანეს ცნობილი სკოლა-აკადემია. კ. კეკელიძის მოსაზრებით, ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავლა-აღზრდის საქმე ნისიბისის სკოლის ყაიდაზე იყო მოწყობილი. ედესისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს მშობლიური ენა და ქრისტიანული რწმენა XIX ს. დამდეგამდე ჰქონდათ შენარჩუნებული.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ასურელ მამათა სამშობლო და სა­ქარ­თვე­ლო, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, ქარ­თველ­თა განმანათლებლები, თბ., 2015.

ვ. გოილაძე