კარიკატურა

კარიკატურა. ო. შ მ ე რ ლ ი ნ გ ი. "მსახიობები". XX ს. დასაწყისი. შ. ამირანაშვილის სა­ხელობის ხელოვნების მუზეუმი.

კარიკატურა (იტალ. caricatura 1590 იტალიელმა ფერმწერმა და გრავიორმა ანიბალე კარაჩიმ (1560–1609) და მისმა ძმამ აგოსტი­ნომ საკუთარი ნამუშევრების მიმართებით პირველად გამოიყენეს ტერმინი კ. და ის უტრირებულ, პორტრეტულ ჩანახატებს მიუსადაგეს. მათთვის გამოსახულებაში ორიგინალის მახასიათებლების გაზვიადების მიზეზი ბოლონიის აკადემიის მხატვ­რუ­ლი თეორიებისადმი დაპირისპირება გახდა. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მსგავსი სატირული გამოსახულების სპეციფ. ნიშანი ცალკეული ნაწილების, რაიმე დეტალის ან კონკრეტული თემის ირონიულ კონტექსტში ინტერპრეტირება იყო. ჩრდ. ევროპაში პიტერ ბრეიგელი უფროსი (1525–69) და მისი თანამედროვენი პორტრეტულ გამოსახულებებში ასევე მიმარ­თავ­დნენ ფორმების გაზვიადების მხატვრულ ხერხს.

უძველესი მანუსკრიპტების კიდეებზე შესრულებული ფანტასტიკური არსებების ავტორები ასევე შეიძლება კ-ის ჟანრის ერთ-ერთ წინამორბედებად მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიდერლანდელი ი. ბოსხი (1450–1516) სწორედ ამ ნახატებით შთაგონებული ქმნიდა უჩვეულო პერსონაჟებს.

კ-ის წინაპირობად შეიძლება აღვიქვათ იტალიელი მხატვარდეკორატორის ჯ. არჩიმბოლდოს (1527–93) ნამუშევრები. ამ მხრივ საინტერესოა იტალიელი მოქანდაკისა და არქიტექტორის ჯ. ლ. ბერნინის (1598–1680) ჩანახატებიც.

პირველი მხა­ტვა­რი, რ-იც პროფესიონალ კარიკატურისტად იქნა მიჩნეული, იყო იტალიელი პიერ ლეონე გეცი (1674–1755), განმანათ­ლებლობის ეპოქის გამორჩეული წარმომადგენელი. ადრეული ასაკიდან გეცი გატაცებული იყო კ-ით. მის ნამუშევრებს, ხშირად, ირონიული ტექსტუალური მასალაც ერთვოდა თან. ცნობილია მისი კ-ები როგორც სას. პირებზე, ასევე იტალიაში სამოგზაუროდ ჩასულ ტურისტებზე.

უკვე XVIII ს-იდან კ. პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში, ინგლისსა და ამერიკაში. ლონდონში კ-ის ჟანრისა და იტალიელი კარიკატურისტების პოპულარიზებას ახდენს მხა­ტვა­რი, გრავიორი და კოლექციონერი ა. პონდი (1701–58).

ერთ-ერთი პირველი ინგლისელი მხა­ტვა­რი, რ-მაც სატირული გრავიურების შექმნაზე დაიწყო მუშაობა, უ. ჰოგარტი (1697–1764) იყო ("მეძავის კარიერა", "მოდური ქორწინება"). მისმა ნამუშევრებმა უბიძგა კ-ის ჟანრის სისტემურ განვითარებას. ინგლისელი კარიკატურისტი ჯ. გილრეი (1757–1815) და ტ. როულენდსონი (1756–1827) ფრანგ. რევოლუციის პოლიტიკოსებს თხების, ობობებისა და ღორების სახით გამოსახავდნენ, ამასთან ინარჩუნებდნენ პორტრეტულ ნიშნებს და ისეთი მანკიერებების აქცენტირებას ახდენდნენ, როგორიცაა უზნეობა, ეშმაკობა, ღორმუცელობა. ჯ. გილრეი თავის სატირულ ოფორტებზე ნაპოლეონ ბონაპარტს მის ირგვლივ არსებულ სამყაროსთან შედარებით ძალიან მცირე ზომისას ხატავს. ეს ცეროდენა არსება კი მთელი მონდომებით ცდილობს სერიოზული და დიდებული იერის მიღებას.

XIX ს. 40-იან წლებში დიდ ბრიტანეთში დაარსდა იუმორისა და სატირის ჟურნ. „პანჩი" („Punch"), რ-იც ყველაზე პოპულარული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი იყო იმ პერიოდში. ამავე ჟურნალთან თანამშრომლობდნენ მხატ­ვარ-კარიკატურისტი ჯ. ლიჩი (1817–64) და ო. ბიერდზლი (1872–98).

კ-ის გროტესკული ენა და მხატვრუ­ლი ზემოქმედების უნარი წარმოუდგენელ ძალასა და სიღრმეს იძენს ფ. გოიას (1746–1828, ესპანეთი) სატირულ ოფორტებში "კაპრიჩოსები" (დასრულებულია 1799).

XIX ს. საფრანგეთში კ-ის ჟანრში მოღვაწე ხელოვანთა შორის გამორჩეული ადგილი ეთმობა ო. დომიეს (1808–79). მან მუშაობა დაიწყო ანტიმონარქისტულ ყოველკვირეულ ჟურნალში „La Caricature". პოლიტიკური კ-ის გამო („გარგანტუა", 1831) მას ექვსთვიანი პატიმრობაც კი მიესაჯა. მას შემდეგ რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ 1835 ე. წ. „სექტემბრის კანონებით" აკრძალა ხელოვნების რევოლუციურად განწყობილი ყველა ჟანრი, ო. დომიე სრულად გადაერთო ყოფით კ-ზე.

დაზგური გრაფიკის გამოყენებამ კ-ის ჟანრის განვითარების ისტორიაში (XIX–XX სს. მიჯნა) განსაკუთრებული როლი შეასრულა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია პოლიტ. ვნებათაღელვის დროს. ავსტრალიელი კარიკატურისტი უ. დაისონი (1880– 1938) ვერსალის ხელშეკრულების დადების ფაქტთან დაკავშირებით ხატავს კ-ს "მშვიდობა და მომავალი საზარბაზნე ხორცი" (1919). პერიოდული გამოცემების რაოდენობრივი ზრდის კვალდაკვალ პოპულარობა შეიძინა საგაზეთო კ-მ [ჯ. უისტლერი (1834–1903), ტულუზ ლოტრეკი (1864–1901), ჯ. გროსი (1893–1959), ბენ შანი (1898–1969)].

I მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში კ-ის ბუმი დაიწყო. უამრავი კ. იბეჭდებოდა გაზეთებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებში (ე. გირშფელდი 1903–2003; მ. კოვარუბიასი, 1904–57). პოპულარობით ეს სატირული ჟანრი კონკურენციას ფოტოგრაფიასაც კი უწევდა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი XIX–XX სს. მიჯნაზე კ-ის განვითარება პერიოდული გამოცემების გაჩენა-მომძლავრებას უკავშირდება: „ცნო­ბის ფურცელი", „ეკალი", „შუამავალი", „ეშმაკის მათრახი", „შოლტი", „ოხუნ­ჯი". დარ­გის განვითა­რების ადრეულ ეტაპზე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია დ. გურა­მი­შვი­ლის მოღვაწეობა, რ-იც თავის ნამუშევრებს „ფალანგასა" და „ობზორში" აქვე­ყნებდა. ასევე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია ა. გო­გია­შვილის, პ. ღიბრაძის, ვ. კილა­ძისა და სხვა­თა სატირული ხასიათის ნამუშევრები.

ქარ­თული კ-ის ისტორიაში სრულიად გამორჩეული ადგილი ეთმობა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბადებული გერმ. მხატვრის ო. შმერლინგის შემოქმედებას. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჟურნ. „ეშმაკის მათრახთან". ამ პერიოდში გამოსული თითქმის ყველა ნომრის მხატვ­რუ­ლი გაფორმების უმეტესი ნაწილი მას ეკუთვნის. მხატვრის ნამუშევრებს დაუნდობლობა არ ახასიათებდა, იგი უპირატესობას ძირითადად მსუბუქ სარკაზმს ანიჭებდა.

XX ს. დასაწყისში ქარ­თული პრესა საზ-ბაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება როგორც კრიტიკული წერილებით, ასევე კარიკატურული ნამუშევრებითაც. აღსანიშნავია მიუნხენიდან ჩამოსული მხატვრის, ი. როტერის ნამუშევრები. იგი ო. შმერლინგის მოწვევით იმყოფებოდა სა­ქარ­თველო­ში და წლების განმავლობაში აქ მოღვაწეობდა. მის კ-ებს მკაფიო ინდივიდ. ხელწერა, ინტენსიური შტრიხი, შეკრული მრავალფიგურიანი კომპოზიციური წყობა და მკაფიო დინამიკა გამოარჩევს.

პერიოდულ გამოცემებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართული მოდერნიზმის წარმომადგენლებიც: მ. თოიძე, მ. ჭიაურელი, შ. ქიქოძე და სხვ. ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე შ. ქიქოძე სხვა­და­სხვა ქარ­თულ და რუსულ ჟურნალებში აქვეყნებდა შარჟებსა და კ-ებს ჩჰალიცო-ს ფსევდონიმით. მისი კარიკატურული ნამუშევრები გამოირჩევა მკაფიო, ძლიერი და ლაკონური მონასმით. აქცენტირებულია ხასიათისა და ინდივიდუალობის განმსაზღვრელი მთავარი ნიშნები.

XX ს. 30-იანი წლების ქარ­თულ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურად იბეჭდებოდა ს. ნადარეი­შვი­ლის კები, ასევე ი. გუროს და დონის (დ. ნაცვლი­შვი­ლი) ნამუშევრები.

40–50-იან წლებში სა­ქარ­თველო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი მწვავე ისტ.-პოლიტ. ხასიათის კ-ები, რებშიც გერმ. ჯარი და ა. ჰიტლერი დაცინვის მთავარი ობიექტები არიან (ი. ლომიძე, ი. ქოქია­შვი­ლი, ა. კანდელაკი და სხვ.).

ქართველი კარიკატურისტი მხატვ­რებისთვის გა­და­მწყვე­ტი მნიშვნელობა შეიძინა 1923, რუსული გამოცემის ანალოგად, თბილისში დაარსებულმა სატი­რულ-იუმორისტულმა ჟურნ. „ნი­ანგმა", რ-იც 1924–30 წლებში უკვე „ტარტაროზის" სა­ხე­ლით გამოდიოდა, როგორც ჟურნ. „მუშის" დამატება. 1931-იდან კი კვლავ „ნიანგის" სახე­ლით გამოიცემოდა. ამ ჟურნალთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ­ქართვ. გრაფიკოსები და ხელოვანები: მ. ლოლუა, გ. ფირცხალავა, ნ. მალაზონია, ზ. ნიჟარაძე, დ. ვ. ერის­თა­ვი, ზ. ლეჟავა, დ. ზარაფი­შვი­ლი და სხვ.

XX ს. მიწურულისთვის კ-ის ჟანრში დამოუკიდებელი ნახატის (შარჟის) მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახდა (ზ. სულაკაური). ციფრული ტექნოლოგიების გზით კ-მ ვირტუალურ სივრცეშიც გადაინაცვლა, რაც მის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებადი ჟანრის, სპეციფიკას სრულად შეესაბამება.

თ. ბელა­შვი­ლი