კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 26. VII. 1927, თბილისი), მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდ­ნე, ენათმეცნიერი. 1876 დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში, რ-იც დაამთავრა 1882. სწავლა განაგრძო პეტერბ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, შემდეგ კი პარიზში – სორბონის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე. 1885 სა­ქართვე­ლო­ში დაბრუნდა. თავდაპირველად თბილ. სათავადაზნაურო სკოლაში ას­წავ­ლი­და ქართ. ენას, შემდეგ კი თბილ. ქართ. გიმნაზიაში – ქართ. ენასა და ისტორიას.

1885-იდან კ-ის (ზოგჯერ ფსევდონიმით – დეკანოზიძე) კრიტ.- პუბლიც. წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („დროება", „თეატრი", „მოამბე", „ჯეჯილი", „ვალი", „ივერია" და სხვ.). 1887 ცალკე წიგნაკად გამოსცა მოთხრ. „სამი მსხვერპლი". 1885–92 იყო „ქარ­თველ­თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მდივანი, 1921–27 – უნ-ტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა „კატალოგი ქარ­თველ­თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა" (II გამოცემა, 1911).

კ. იყო ფართო ­პროფილის მკვლე­ვარი. ავტორია რუსთველოლო­გიური ნაშრომებისა: «„ვეფხისტყაოსანის" ­ახა­ლი ­გამოცემის რეცენზიის გამო» (1904), «„ვეფხის­ტყაოსნის" შედგენილობა» (1913); 1903 და 1920 გამოსცა „ვეფ­ხისტყა­ოსანი", რ-საც საფუძვლად დაედო პოემის 1888 დაბეჭდილი ტექსტი. კ. იყო ა. ყაზბეგის თხზ. სრული კრებულის (1910), ა. ხახანა­შვი­ლის „ქართული სიტყვიერების ისტორიის" (1913, 1919), ნ. ბარათა­შვი­ლის ლექსებისა და წერილების კრებულის (1910) რედაქტორი. აქვს გამოკვლევები ქართ. ქორონიკონის, ქართ. ანბანის წარმოშობისა და განვითარების შე­სა­ხებ („ხუცური ანბანი" 1910, 1914), აგრეთვე ნაშრომები სა­ქართვ. ისტორიაში („როსტომ მეფე", 1894; „სა­ქარ­თვე­ლო მეთორმეტე საუკუნეში", 1902; „სა­ქარ­თვე­ლოს მოკლე ისტორია", 1908 და სხვ.). მასვე ეკუთვნის „ქარ­თული წიგნის ბეჭდვის ისტორია" (1929).

კ. ავტორია ქართ. გრამატიკისა („ქარ­თული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია"). დაიბეჭდა 1930, მისი გარდაცვალების შემდეგ (შედგენილი იყო 1924). შეიძლება ითქვას, რომ კ-ის გრამატიკა ერთგვარი წინამორბედია მომავალი ნამდვილი მეცნ. გრამატიკისა, რ-იც ჩვენში XX ს. 30-იანი წლებიდან შეიქმნა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: კ ა რ ი ჭ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., დავით კარიჭა­შვი­ლი, რედაქტორ-გამომცემელი და ქარ­თული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიკოსი, «მწიგნობარი», 2002, №2; ც ა ი ­შ ვ ი ­ლ ი სოლ., დ. გ. კარიჭა­შვილი, კრ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, [ტ.] 2, თბ., 1955.

ს. ცაი­შვი­ლი

ა. მარტიროსოვი