კარკლუხი

კარკლუხი (ძვ. ქ ა რ გ ლ უ ხ ი), სო­ფელი ისტორიულ კოლაში (კოლას ხევი), მდ. ­მტკვრის სა­თა­ვეში, ოლთისიდან ჩრდ-ით 12 კმ-ში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). 1907 ე. თაყაიშვილმა მოინახულა კ., სადაც აღწერა იქ მდებარე ორი ეკლესია. ერთი მათგანი, შედარებით უფრო მოზრდილი, ნაშენია ნახევრად გათლილი, მოწითალო ფერის პატარა ქვებით. გეგმით მართკუთხაა, აღმ-ით საკურთხევლის აფსიდია, კამარა – ჩამონგრეული, შესასვლელი ჩრდ-იდან და სამხრ-იდან აქვს. სამხრ-იდან მიშენებულია ეკვდერი ფანჯრიანი აფსიდით და დას. კარით. მეორე პატარა ეკლესია, როგორც მას ე. თაყაი­შვი­ლი უწოდებს, მუსლიმანებს მეჩეთად გადაუკეთებიათ. მას აღმ-ით აფსიდი აღარ ჰქონდა. შესასვლელი სამხრ-იდანაა. შიგნით კედლები შელესილია. ე. თაყაი­შვი­ლის მოსაზრებით, ამ ეკლესიათაგან ერთი წმ. გიორგის სახელზე უნდა იყოს აშენებული. ჯრუჭის სახარების ერთ ფურ­ცელზე, გვიანდელ მინაწერში ნათქვამია, რომ "თემსა მას ბანისასა ქარგლუხს" წმ. ბერმა ავქსენტიმ ააშენა წმ. გიორგის ეკლესია. ად­გილ. ურწმუნო სანჯაკ ბაადინ-ბეგმა წმ. ბერი ციხეში ჩასვა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა. ე. თაყაი­შვი­ლის მოსაზრებით, აქ აღწერილია XVI–XVII სს. ამბები.

ლიტ.: თ ა ყ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; ტაო-კლარჯეთი. ხუროთმოძღვრული ძეგლების კატალოგი, რედ. თ. ხუცი­შვი­ლი, თბ., 2004.