კარმელი შალვა პავლეს ძე

კარმელი შალვა პავლეს ძე (ნამდვ. სახელი და გვარი – შალვა პავლეს ძე გოგიაშვილი) (1899, ქუთაისი, – 25. I. 1923, იქვე), პოეტი. 1920-იდან სწავლობდა თსუ-ის სიტყვიერების ფაკ-ტზე. პირველი ლექსი „რიონი" დაბეჭდა გაზ. „საქართველოში" 1915. ფსევდონიმად „კარმელი" აირჩია (მთა პალესტინაში, ქ. ხაიფის მახლობლად). თბილისში სწავლის დროს მუშაობდა ჟურნ.- გაზეთების რედაქციებში, ბეჭდავდა ლექსებს. 1920 კ. აირჩიეს ახალჩამოყალიბებული საქართვ. მწერალთა კავშირისა და საქართვ. ახალი მწერლობის საბჭოს წევრად. 1921 იგი „ცისფერყანწელთა" ორდენის წევრი გახდა. ლექსების პირველი კრებ. „ბაბილონი" ამავე წელს გამოსცა თბილისში. კ-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა მისი ორი გამოუქვეყნებელი კრებული: „აპოკალიფსის ცხენები" და „თეთ­რი გიორგი". 1960 გამოსაცემად გამზადებული კ-ის ლექსების კრებული, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი, ხელისუფლებამ აკრძალა. 1970 თბილისში გამოვიდა კრებ. „ლექსები", ხოლო 1982 ქუთაისში – „სემირამიდას ბაღი". 2000, კ-ის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ხელახლა გამოიცა პოეტის პირველი კრებული „ბაბილონი" აღდგენილი ტექსტებით, თარგმანებით ფრანგული პოეზიიდან, „ცისფერყანწელთა" წერილებითა და ლექსების კომენტარებით (შემდგ. ნ. გოგია­შვი­ლი).

კ-ის შემოქმედება ­გამოირჩევა ღრმა ლირიზმით, ­პატრიოტიზმით, მუსიკალობით, შიდა რითმების სიუხვით. „ცისფერყანწელი" პოეტების აზრით, კ. შეუდარებელ სონეტებს ქმნიდა და „ჩუქურთმების ოსტატი იყო პოეზიაში" (პ. ია­შვი­ლი), რ-მაც „მონაზონის სიწმინდით გაიარა თავისი გზა პოეზიაში" (ტ. ტაბიძე), კ. „უპირველეს ყოვლისა, რითმის კავალერი იყო" (ვ. გაფრინდა­შვილი). მისი სიმბოლისტური ლექსები გამოირჩევა ეგზოტიკური თემების დამუშავებით. ამ მხრივ, ვ. გაფრინდა­შვი­ლის სიტყვებით, „ის იყო ნამდვილი პარნასელი".

კ-ს ეკუთვნის ფრანგი სიმბოლისტების – შ. ბოდლერისა და ა. სამენის ლექსების თარგმანები.

ნ. გოგია­შვი­ლი