კარნავასი, სოფელი ისტორიულ ტაოში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 შედიოდა ფანაკის ლივის ფანასკერტის ნაჰიეში და ყველაზე დიდი სოფელი იყო. მაშინ იქ 150 კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბულყულა მურადისძე, ალმაზ ოქონელისძე, სიმონ აღდგომელასძე, ორდან ამირისძე, ელია მარკოზისძე, ელგუჯა გურჯისძე, აბგარ ძე მისი, ფანოსა ამირნა ზარისძე, ზოჰრან გუბელაძე, ასლანბეგ ძმა მისი, ლაზარ მეორე ძმა, დოლმაზ ზარასპასძე და სხვ. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ცერცვი. ჰქონდათ ვენახი, ბაღი, საყანე და საბამბე მიწა. წლიური გამოსაღები 12000 ახჩას შეადგენდა. 1889-თვის კ-ში 97 კომლი იყო დარჩენილი.
წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ტ. 2, თბ., 1941; ტ. 3, თბ., 1958.
მ. ზალდასტანიშვილი