კარნიფორი მხარე და ციხე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ახლანდ. თურქეთის რესპ.). კ. მოიცავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიას – ქ. კარნუდან (ახლანდ. ერზურუმი) ციხე-ქალაქ კარის (ყარსის) ქვეყნამდე.
პირველად იხსენიება ჯუანშერთან მაშინ, როდესაც ბრძოლა მოხდა სპარსეთისა და ბიზანტიის ჯარებს შორის (V ს.). აქ ორივე მხრიდან დაღვრილი დიდძალი სისხლის გამო „მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რეცა სისხლისა მუცელი".
XI ს-ში გიორგი II-მ ბიზანტიისგან დაიბრუნა იბერიის თემი ბასიანის მხარეთა შემადგენლობით, მ. შ. კ. XI–XII სს-იდან ბასიანი და კ. შეადგენდა ერთ სამხარეო ერთეულს – კარნიფორ-ბასიანს, ანუ კ-ს. XI ს. 70-იანი წლებიდან XIII ს. დასაწყისამდე საქართველო გამუდმებით იბრძოდა ამ მხარის დასაცავად. დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ის თურქთაგან, რის შემდეგაც დაიწყო ამ გაპარტახებული მხარის ხელახალი აღორძინება. XII ს. 60-იან წლებში თურქებმა ისევ მოახერხეს კ-ის მიტაცება, 1206 კი საქართველომ კვლავ დაიბრუნა იგი.
XIII–XVI სს-ში კ., ადმ.-ტერიტორიულად საკუთრივ საქართვ. ტერიტორიის, კერძოდ კი სამცხის საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ პერიოდში ბასიანის მხარეთა მოსახლეობა საერთო სახელწოდებით "კარნიფორელნი", ყოველთვის მოიხსენიება მესხეთის ტომთა ჯგუფში.
XVI ს. II ნახ-იდან XIX ს. II ნახ-მდე ბასიანის მხარეები (მ. შ. კ.) ოსმალთა მფლობელობაში მოექცა. 1878 შეიერთა რუსეთმა, მაგრამ 1918–20 კვლავ თურქეთის შემადგენლობაში გადავიდა. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
მ. ზალდასტანიშვილი