კარპინი იოანე (ჯოვანი) დე პლანო

კარპინი (Carpini) იოანე (ჯოვანი) დე პლანო (1182–1253), ფრანცისკელი ბერი. იტალიელი მისი­ონერი. რომის პაპის ელჩი მონღო­ლეთის იმპერიაში 1246/47. იყო ბათო-ყაენთან ოქროს ურდოში, შემდეგ – დიდ ყაენ გუიუქთან. თავის წიგნში „ისტორია მონღო­ლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ" საუბარია ქარ­თვე­ლე­ბისა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. მისი თხრობა ემყარება მონღოლთა დიდი ყაენის კარზე საკუთარი თვალით ნანახს და იქ მყოფ ქარ­თველ­თა მონათხრობს. ავტორს ყურულთაიზე პირადად უნახავს ქართველი უფლისწუ­ლები – დავით რუსუდანის ძე და დავით ლაშა-გიორგის ძე, რ-ებიც იქ იმყოფებოდნენ. ავტორი აღწერს გუიუქ-ყაენის მიერ 1246 აგვისტონოემბერში საქმის მონღოლური სამართლით გადაწყვეტას – ორივე დავითის დამტკიცებას სა­ქარ­თველოს მეფეებად, მოგვითხრობს მონღოლთა მიერ სა­ქარ­თვე­ლოზე შეწერილი ხარკის რაოდენობის, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ განზრახული აჯანყებისა და სხვათა შე­სა­ხებ.

თხზ.: ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, გ. ქიქოძის გამოც., «მასალები სა­ქარ­თველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 2.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.