კარტოგრამა აგროქიმიური, რუკა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად უზრუნველყოფილია ნიადაგი მცენარისათვის შესათვისებელი საკვები ელემენტებით (ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, მაგნიუმი, მიკროელემენტები) ან რამდენად საჭიროებს ნიადაგი მოთაბაშირებას ან მოკირიანებას.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი კ. ა. 1959 შეადგინეს საქართვ. სას.- სამ. ინ-ტის აგროქიმ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრის თანამშრომლებმა ოჩხამურის ჩაის საბჭ. მეურნეობისათვის. კ. ა-ზე მუშაობდნენ აგროქიმ. ლაბორატორიები. კ. ა-ის შესადგენად საჭიროა ნიადაგის მსხვილმასშტაბიანი რუკა და მიწათსარგებლობის გეგმა. რუკით დგინდება ნიადაგის ტიპებისა და სახესხვაობების გავრცელების საზღვრები. ასეთი რუკები შეიძლება იყოს 1:5000, 1:10000 და 1:25000 მასშტაბის. მიწათსარგებლობის გეგმაზე გამოყოფილ 0,5–10 ჰა ფართობის ნაკვეთებიდან იღებენ ნიადაგის სინჯებს დიაგონალურად 5–12 ადგილზე; მათი შერევით მიიღება შერეული ნიმუში. მასზე ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ხდება თითოეული აგროქიმიური მაჩვენებლის დაჯგუფება და მათი გადატანა რუკაზე სხვადასხვა ფერით ან სხვა პირობითი ნიშნით. კ. ა-თან ერთად შედგება აგროქიმ. ნარკვევი, რ-შიც მოცემულია ფერმერული მეურნეობის ნიადაგურ-კლიმატური პირობების, ნიადაგწარმომქმნელი ქანების დახასიათება, სამი წლის განმავლობაში კულტურათა მოსავლიანობა და სხვ. ასეთი ნარკვევის მიხედვით შედგენილ რეკომენდაციებში გაანგარიშებულია სასუქის გამოყენების ნორმები, შერჩეულია მათი ფორმები, შეტანის ვადები, ხერხები და სხვ. კ. ა. საშუალებას იძლევა, ნიადაგში სასუქი შევიტანოთ საკვები ელემენტების მოძრავი ფორმების შემცველობის გათვალისწინებით, რაც ამცირებს სასუქისა და ფულადი სახსრების დანახარჯებს.
ლიტ.: თ ხ ე ლ ი ძ ე ა., სასუქების გამოყენების სისტემა, თბ., 2009; ს ა რ ი შ ვ ი ლ ი ი., აგროქიმიური კარტოგრამა და მისი მნიშვნელობა, თბ., 1965.
ი. სარიშვილი
ა. თხელიძე