„კარტოგრაფია“ (სააქციო საზოგადოება), კარტოგრაფიული ფაბრიკა. 1929 თბილისში შეიქმნა ამიერკავკ. გეოდ. სამმართველო რუკების შემდგენელი სექტორით, რ-ის რეორგანიზაციის საფუძველზეც 1934 ჩამოყალიბდა ამიერკავკ. კარტოგრაფიული ფ-კა. მისი დაარსების პირველ წლებში საწარმოს ხელმძღვანელობდა ქართ. კარტოგრაფიის ფუძემდებელი, მეცნიერი პრაქტიკოსი ს. ცხაკაია. ფ-კა რამდენიმე სრულიად მოუწყობელი საამქროსაგან შედგებოდა, ბეჭდავდნენ ლითოგრაფიული ქვებით (თითოეული ქვის მასა იყო 5 ფუთი ანუ 80 კგ).
ფ-კა თავდაპირველად ს.-ს. ორბელიანის ქუჩაზე იყო განთავსებული, შემდეგ – კამოს (ახლანდ. დ. უზნაძის) ქუჩაზე, საცხოვრ. სახლის სარდაფში, მოგვიანებით მისი ნაწილი თბილ. ტოპოგრ. ტექნიკუმის შენობაში გადაიტანეს. 1976 ექსპლოატაციაში შევიდა კავკასიაში ერთადერთი №8 (თბილისის) კარტოგრაფიული ფ-კის ახალაშენებული კომპლექსი (საერთო ფართ. 17,0 ათ. მ²), რ-იც გლდანის I მ/რ-ში მდებარეობს. 1991-მდე ფ-კა, როგორც სახაზინო საწარმო, ექვემდებარებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთ. სამმართველოს, 1991-იდან – საქართვ. გეოლ., გეოდ. და კარტოგრაფიის სახელმწ. დეპარტამენტს, 1995-იდან კი – საქართვ. გეოდ. და კარტოგრაფიის სახელმწ. დეპარტამენტს. 1993 წ. 23 აგვისტოს თბილისის კარტოგრაფიული ფ-კის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „კ.".
1983–84 ფ-კაში დაიწყეს პლასტმასის გლობუსებისა და რუკების წარმოება, ამ მხრივ იგი ერთადერთი იყო არა მარტო სსრკ-ში, არამედ აღმ. ევროპაშიც. ფ-კამ გამოუშვა პლასტმასისაგან დამზადებული 320 მმ დიამეტრის დედამიწის ქართულენოვანი გლობუსი და ორი სხვადასხვა მასშტაბის საქართვ. რელიეფური რუკა. გამოსცა აგრეთვე სხვადასხვა თემატიკის დარგობრივი და ზოგადგეოგრ. რუკები, ბუკლეტები, ატლასები, საქართვ. კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასი, ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ატლასი, ქართ. ენციკლოპედიის ფერადი რუკები, აგრეთვე სხვადასხვა სასწავლო რუკა და ატლასი.
2013–17 საწარმოში დაინერგა ახ. ტექნოლოგიები კომპიუტერული კარტოგრაფიის სახით, აგრეთვე ახ. პოლიგრ. ტექნიკა. ამავე პერიოდში ფ-კამ გამოსცა ფუნდამენტური ატლასები: „საქართველოს ისტორიის ატლასი" (2003), „საქართველოს ეროვნული ატლასი" (2012), „თბილისი. ატლასიცნობარი" (2013, ქართ. ენაზე; 2014 – რუს. ენაზე), ასევე სხვადასხვა თემატიკის ახ. თუ განახლებული კარტოგრაფიული პროდუქცია.
„კ." ემსახურება საქართველოში კარტოგრაფიის განვითარებას, მეცნ. სხვადასხვა დარგის, მოსწავლე ახალგაზრდობისა და მოსახლეობის კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფას.
ო. საბანაძე