კარტოფილი

კარტოფილი

კარტოფილი, (გერმ. Kartoffel), მრავალწლოვანი მცენარე, გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის (Tuberium-ის სექციის), ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა (Solanaceae). გავრცელებულია 200-მდე ველური და კულტ. სახეობა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კ. (S. andigenum) და ჩილური კ. (S. tuberosum). გვხვდება ზო­მი­ე­რი ჰავის ქვეყნებში. მისი სამშობლო სამხრ. ამერიკაა (ჩილეს, პერუსა და ბოლივიის მთიანი რაიონები). კ-ის ნათეს ფართობს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია პურეულისა და ბამბის შემდეგ.

კ-ის ფესვი ფუნჯაა, სუსტად გან­ვითარებული. ბუჩქის ­სიმაღლე 50–80 სმ აღწევს, შედგება 3–6 ღეროსაგან. გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე, ჩაღრმავებებში, 3–4 კვირტიანი თვლები ზის. ­გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრ­გვალო, წაგრძელებული, ოვალუ­რი და სხვ.; გარეგანი შეფერილობა და რბილობის ფერი – თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. ფოთოლი კენტფრთისებრ­განკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწევრიანია, თეთრი, მოწითალო-იისფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვა­ლუ­რი კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლი (1000 ცალი 0,5–0,6 გ იწონის).

კ. მრავლდება ვეგეტატიურად – გორგლით (სელექციის მიზნით – თესლით). კ. ზო­მი­ე­რი ჰავის მცენარეა და კარგად ხარობს ტენიან და გრილ ადგილებში, ამიტომ მთიან რეგიონებში კ-ის ზრდა-განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, მოსავლიანობაც მაღალია და ვირუსული დაავადებებიც ნაკლებია. გამო­ყენების თვალსაზრისით არსებობს სასუფრე, საკვები და უნივერსალური კ.; ვეგეტაციის მიხედვით არჩევენ საადრეო, საშ. და საგვიანო ფორმებს.

კ. კულტურაში შემოიტანეს სამხრ. ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 9–7 ათ. წლის წინათ, ევროპაში (ესპანეთში) – დაახლ. 1565, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ-ის ნათესები პირველად XIX ს. 20-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო. 1913 კ-ის ნათესებმა 6200 ჰა მიაღწია. 1975 სათესი ფართობი 28 ათ. ჰა აღემატებოდა. XX ს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კ-ის მოყვანა უმთავრესად ბოლნისის რ-ნში. საქარ­თვე­ლო­ში კ-ს თესავენ ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სვანეთი, რაჭა და სხვ.), ზ. დ. 2200–2300 მ-მდე. ახალქალაქში, ახალციხესა და წალკაში მოსავალი მეტია. სა­ქართვე­ლო­ში მოჰყავდათ და მოჰყავთ როგორც საადრეო, ასევე საგვიანო კ. ბარის ზონაში კ-ს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზ. დ. 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კ. შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც – ნოემბერში. ახლო წარსულში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოჰყავდათ კ-ის ჯიშები: მაჟესტიკი, თრიალეთური, სახალხო, ლორხი, ეპიკურე, ვოლჟსკი, ოგონიოკი და სხვ. 2000-იდან გასავრცელებლად დაშვებულია და ფერმერებს მოჰყავთ შემდეგი ჯიშები: დეზირე, პალმა, კოსმოსი, პიკასო, იმპალა, სანტე, ნევსკი, ტემპო, რედსკარლეტი, იზორა და სხვ.

კ-ის ტუბერი საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს, 23,7% მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1–2% ცილას, 1%-მდე მინერ. მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვ. ვიტამინებს. კ. ადამიანის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. საადრეო კ. გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით. ის 2–3-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ტუბერები, რ-ებიც ზამთარში ინახება. კ. საქონლის საკვებიცაა, ნედლეულია ბადაგის, დექსტრინის, გლუკოზის, მალტოზას, სპირტის და სხვა ნივთიერებების მისაღებად, გამოიყენება საფეიქრო მრე­წველობაში, ქაღალდისა და მედიკამენტების წარმოებაში და სხვ.

ამჟამად, კ-ის სტერილურ მასალას, ქსოვილის კულტურის "in vitro" მეთოდის გამოყენებით, ამუშავებს სსიპ სოფ. მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრის წილკნის ლაბორატორია. მიღებული სარგავი მასალა თავისუფალია ვირუსებისაგან, რასაც დიდი მნიშვ­ნელობა ენიჭება. ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა საკუთარი პროდუქციით ­დავაკმაყოფილოთ სა­ქართვ. მოსახლეობის მოთხოვნილება კ-ზე, რისი განხორციელებაც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი.

ლიტ.: ბ ა დ რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  გ., კარტოფილის კულტურა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 1963; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ა., მემცენარეობა, თბ., 1975; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ვ., მებოსტნეობა, თბ., 2016.

გ. ბადრი­შვი­ლი

ვ. ჯაფარიძე