კასლანძია ლეუარსან შარდინის ძე

კასლანძია ლეუარსან შარდინის ძე [25. V. 1912, სოფ. კუტო­ლი (ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), – 1996], აფხაზი მსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1954). 1929–33 სწავლობდა სოხუ­მის თეატრ. სტუდიაში. 1931-იდან სო­ხუ­მის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (უ. შექსპირის „ოტელო"), დაური (დ. გულიას „გმირის კლდე"), გიორგი (ვ. გაბესკირიას „სამი მეგობარი"), ჯემალი (ი. მოსა­შვი­ლის „ჩაძირული ქვები"), თარაში (გ. გაბუნიას „მზის ამოსვლის წინ"), მაცი (ს. ჭან­ბას „კე­რაზი"), მოხუცი (მ. კოვეს „კეხხაჯარათი"), კომისარი და კონტრადმირალი (ა. კორნეი­ჩუკის „ესკადრის დაღუპვა"), განდეგილი რაში (ს. ჭანბას „ახმაჯირი"), ბაროვსკი (ბ. ლავრენიოვის „ვინც ზღვაშია"), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), უჩა (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია"), შაბატი (ბ. შინკუბას „კლდის სიმღერა"), მეფე (ე. შვარცის „შიშველი მეფე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), არდაშელი (ა. ლასურიას „სპეტაკი სიყვარული"), რაული (გ. მდივანის „კეთილი ნების ­ადამიანე­ბი"), რეჯებ ბეი (ნ. ჰიქმეთის „ახირებული"), იაკობი (ქ. აგუმას „დიდი მიწა") და სხვ. კ-ს შემოქმედება გამოირჩეოდა ფართო დიაპაზონით. ის ერთნაირი სიძლიერით ქმნი­და დრამატულ, სახასიათო და კომედიურ სახე­ებს. მისი სცენური გმირები სხვა­და­სხვა ეროვნების, მსოფლშეგრძნებისა და სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სული­ერი სიძლიერით, ჰუმანურობით, სამართლიანობისათვის ბრძოლის სულისკვეთებით და მიზნისაკენ დაუოკებელი ლტოლვით.

ლიტ.: ა რ გ უ ნ ი  ა., ლეუარსან კასლანძია, თბ., 1970.