კასპი

კასპის გერბი (2009-იდან).

კასპი, ქალაქი (1959-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის რეგიონი), კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრი. გაშენებულია მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ორივე ნაპირზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქებს და გამოდის შიდა ქართლის ვაკეზე. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 560 მ, თბილისიდან 48 კმ. 13,4 ათ. მცხ. (2014).

ქალაქი ძირითადად გორაკბორც­ვებზეა გაშენებული. ჰავა სტეპურიდან ნოტიოზე გარდამავალია; იცის ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 11,4°C, იანვ. საშ. ტემპ-რა 0,5°C, აგვ. 23°C; აბსოლ. მინ. -27°C, აბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 450 მმ წელიწადში.

ქალაქში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ეკ­ლესიები - კვირაცხოველი, ღვთის­მშობელი და სხვ. 2012 წ. 13 დეკემბერს კ-ში ეკურთხა ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარი, რ-იც მოცულობით უდიდესია შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ტაძრებს შორის, ხოლო საქართვ. ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკაა. კ-ში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე), II მსოფლიო ომში (1939-45), ასევე საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალები.

ვ. ჯაოშვილი

ჯ. გვასალია