„კასპიელექტროაპარატი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო, ამ პროფილის ერთადერთი საწარმო ამიერკავკასიაში. შეიქმნა 1958 კასპში. 1991-მდე საკავშ. დაქვემდებარებაში იყო, 1972 თბილ. საწარმოო გაერთიანება „ელექტროაპარატის" შემადგენლობაში შევიდა. 1994 აღნიშნული გაერთიანების დაშლის შედეგად კასპის ქ-ნა „კასპიელექტროაპარატი" ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „კ." უშვებდა ფართო ასორტიმენტის ელექტროტექნიკურ პროდუქციას: სხვადასხვა ტიპის მართვის ფარებს, პულტებს, ბლოკებს, კარადებს და სხვ. საშუალოდ წლიურად აწარმოებდა 25 მლნ. მანეთის პროდუქციას, ჰყავდა 600-მდე მომწოდებელი, 1600-მდე მომხმარებელი; პროდუქცია იგზავნებოდა საბჭ. კავშირის რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის 50 ქვეყანაში. ქ-ნას საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ფრანგ. ფირმა „პენტამელეკთან", უნგრულ ფირმა „ნოვოგლობუსთან", ბულგარულ ფირმა „ელექტროიმპექსთან" და სხვ. „კ-ს" მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში საქართველოსა (თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის, რუსთაველის თეატრის აღდგენარეკონსტრუქცია, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, თბილ. „დინამოს" სტადიონი და სხვ.) თუ საბჭ. კავშირის ქალაქებში (ბაიკანურის კოსმოდრომი, კალინინგრადის კოსმ. მართვის ცენტრი, მოსკ. 22-ე ოლიმპიური თამაშების ობიექტები, ურენგოი–უჟგოროდის გაზსადენი, მოსკ. კრემლის რეკონსტრუქცია, ატომური ელექტროსადგური და სხვ.).
1990-იდან ქვეყანაში მიმდინარე ეკონ. და პოლიტ. პროცესების გამო გაწყდა ეკონ. კავშირები ყველა დამკვეთ და მომწოდებელ ორგანიზაციასთან, რამაც გამოიწვია გამოშვებული პროდუქციის შემცირება. ქ-ნამ დროებით შეიცვალა პროფილი და დაიწყო საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება. ამჟამად „კ." მუშაობს კერძო დაკვეთებზე, უშვებს ოთხზე მეტი სახეობის სხვადასხვა ნომენკლატურის პროდუქციას: დაბალი და მაღალი ძაბვის გამთიშველებს, საქალაქო და სასოფლო დანიშნულების სატრანსფორმატორო ქვესადგურებს, აღრიცხვის კარადებს, შენობების სართულშორის გამანაწილებელ კარადებს და სხვ.
უ. მოსიაშვილი