კასრისკარი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, სასაზღვრო სიმაგრე კასრის ხეობაში, მდ. არდონის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ქვემო ზრამაგიდან მე-8 კმ-ზე. ისტ. წყაროებში დაცულია ცნობები V–VI სს-ში ქართლის ჩრდ. საზღვრების დამცავი ნაგებობების შესახებ, რ-ებიც აღმართული იყო არა კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებზე, არამედ ჩრდ. ხევების ვიწროებში. ასეთებია კ., ხილაკას ჩამხერგავი კედლები და დარიალის ციხე და კედელი. ერთ განედზე განლაგებული ეს სიმაგრეები ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში ქმნიდა თავდაცვით ნაგებობათა ერთიან ხაზს, რ-იც კეტავდა საქართვ. საზღვრებზე გამავალ მთავარ სამიმოსვლო გზებს ქართლიდან ოსეთისა და ჩრდ. კავკასიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მშენებლებმა კარგად იცოდნენ კავკასიონის ოროგრაფია – ისინი ოსტატურად იყენებდნენ ბუნებრივ პირობებს, ვიწრობებისა და ყინულოვან მთათა მასივების მონაცვლეობას. „ახალი ქართლის ცხოვრების" (ბერი ეგნატაშვილი) ცნობით, XVI ს. I მეოთხედში ქართლის სამეფოს უკიდურესი ჩრდ. პუნქტები იყო „ხევ-ხილაკა და კასრის-ხევი". ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიულ აღწერილობაში კასრის ხეობასთან ერთად მოიხსენიებს „კასრის-კარს" და იძლევა ამ ნაგებობის მოკლე დახასიათებას. კ. მდებარეობს ხეობის მომცრო, დავაკებულ ადგილზე, რ-ის სიგანეა 50-ოდე მ, ხოლო სიგრძე (მდინარის გაყოლებით) – ოდნავ მეტი. ნაგებობა მდინარის დონიდან ამაღლებულია დაახლ. 12 მ სიმაღლეზე. ნაპირი წარმოადგენს გაშიშვლებულ ფრიალო, სრულიად პერპენდიკულარულ კლდეს. დავაკებულ ადგილს დასიდან ზღუდავს მთა, სახელდობრ, ამ მთის 15–18 მ სიმაღლეზე შვეულად აღმართული კლდე. კ. აგებულია ამ კლდისა და მდ. არდონის ფრიალო ნაპირს შორის.
XX ს. 60-იანი წლების მონაცემებით, ნაგებობათაგან დარჩენილია კედელი, რ-იც იწყება მდინარის მაღალი ნაპირიდან, კვეთს დავაკებულ ადგილს და დას-ით ეკვრის მთის შვეულ კლდეს. ამ კედლის აღმ. ნაწილში ჩაშენებულია კოშკი. მთელი ნაგებობის სიგრძეა 52 მ, სისქე – 1,7 მ, შემორჩენილი სიმაღლე აღწევს 4,3 მ. კედელი და კოშკი ამოყვანილია დუღაბით; კოშკი შემოსილი იყო პერანგით, რ-ის უმეტესი ნაწილი გამოყენებულია გზის მშენებლობაში (XIX ს.). მოგვიანებით, გზის მშენებლობის დროს კედლის ნაწილი მოანგრიეს. კოშკს ორი კარი აქვს – სამხრ-ით და დას-ით. სავარაუდოდ, ხეობის გზა კოშკის კარში ცერად, „მრუდედ" გადიოდა, ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მას „მრუდე კარი" შეარქვა. იქ, სადაც კედლის დას. ბოლო შვეულ კლდეს ეკვრის, კლდის თავზე აშენებულია ცალკე მდგარი კოშკი, საიდანაც ნათლად ჩანს კასრისხევის მიმდებარე ჩრდ. ნაწილი. ეს კოშკი, კ-ის ძირითად ნაგებობასთან ერთად, ერთ საერთო კომპლექსს წარმოადგენდა. უეჭველია, ბუნებრივი პირობების გამო შუა საუკუნეებში კასრისხევზე ფეხით თუ ცხენით მიმავალი მგზავრი კ-ს გვერდს ვერ აუვლიდა. იგი პირით მიქცეულია ჩრდილოეთისაკენ, თვით ხეობა კი გამაგრებული იყო არაერთი საფორტიფიკაციო ნაგებობით, მ. შ. ზრამაგას გალავნიანი ციხით.
ლიტ.: გ ა მ რ ე კ ე ლ ი ვ., დვალეთის კარნი ცენტრალურ კავკასიონზე (სასაზღვრო სიმაგრეები), «ძეგლის მეგობარი», 1965, № 5.
თ. გერსამია