კასტელას აბრეშუმის მანუფაქტურა

კასტელას აბრეშუმის მანუფაქტურა, აბრეშუმსართავი საწარმო თბილისში, რომელიც 1826 გახსნა ფრანგმა ნეგოციანტმა კასტელამ (კასტელომ) (Castella, Castello). საწარმოს იაფი ნახევარფაბრიკატი (ნართი) უნდა მიეწოდებინა მოსკ. და პეტერბ. საფეიქრო ფ-კებისათვის. ამასთან დაკავშირებით კასტელა აცხადებდა, რომ იგი ირანთან, თურქეთთან, რუსეთთან და ევროპასთან გააჩაღებდა ფართო ვაჭრობას და თბილისი მსოფლიო კომერც. ოპერაციების ცენტრი გახდებოდა.

კასტელამ თავის ოპერაციებში ჩააბა იმპერიის ­ცენტრ. ხელისუფლების ად­გილ. წარმომადგენლები, მიიღო I გილდიის ვაჭრის წოდება და დიდძალი თანხა როგორც სახელმწ. ხაზინისაგან, ისე კერძო პირთაგან. მან ჩამოიყვანა ფრანგი სპეციალისტები, დაიქირავა ადგილ. მუშები, დაიწყო იაფი მუშახე­ლის – სამხ. ტყვეებისა და პატიმარი ქალების – ექსპლუატაცია და მოსახლეობისაგან ღალისა და სხვა გადასახადების სახით მიღებული აბრეშუმის პარკისაგან ნართის ამოხვევა. ფ-კა წამგებიანი აღმოჩნდა არასაკმარისი სა­ხსრების, მუშახელის სიმცირისა და გასა­ღების ბაზრების უქონლობის გამო. კასტელა 1828 გარდაიცვალა. ამიერიდან მთავრობამ თავად მოჰკიდა ხელი აბრეშუმძაფსართავ წარმოებას – წესრიგში მოიყვანა მანქანაიარაღები, მოწყო­ბილობანი და ამ სახით შეიქმნა „სახაზინო სასწავლო აბრეშუმსართავი საწარმო", რ-ის მთავარი დანიშნულება იყო ამიერკავკასიაში აბრეშუმის ნართის გაუმჯობესებული წარმოების გავრცელება. ამ ე. წ. „სახელმწიფო მანუფაქტურამ" დიდხანს ვერ იარსება და როგორც წამგებიანი, 1844 დაიხურა.

ლიტ.: გ უ გ უ ­შ ვ ი ­ლ ი  პ., მანუფაქტურული წარმოების ისტორიისათვის ამიერკავკასიაში, «მასალები სა­ქარ­თველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1938, ნაკვ. 3; მ ი ს ი ვ ე , კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება სა­ქარ­თველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1941; ღ უ დ უ შ ა უ რ ი  მ., თბილისის ეკონომიკური განვითარება XIX საუკუნეში, თბ., 2009; Г у г у ш в и л и  П. Б., Развитие промышленности в Грузии и Закавказье в XIX–XX вв., т. 1, Тб., 1957.