„კასტელ ჯორჯია“ (შპს), ლუდისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების კომპანია. 1998 დეკემბერში თბილისში, ლუდის საწარმოების – შპს „ყაზბეგისა" (დაარსდა 1995) და შპს „გომბორი BGI-ის" (დაარსდა 1997) გაერთიანების შედეგად შეიქმნა ფრანგულ-ქართული ერთობლივი კომპანია შპს „ყაზბეგი-კასტელი", რ-ის სიმძლავრე შეადგენდა 10 მლნ. დკლ ლუდს წელიწადში. უშვებდა შემდეგი დასახელების ლუდს: „ყაზბეგი", „ფშავი", „ანანური", „არგო", „ყაზბეგი პორტერი", „კასტელი" და სხვ. 2002 მარტში მოხდა „ყაზბეგი- კასტელის" რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ლუდის ორი დამოუკიდებელი საწარმო: შპს „ყაზბეგი 1881" და შპს „კასტელი-საქართველო" (მდებარეობს ლილოს დასახლებაში). 2013 შპს „კასტელი-საქართველო" შეიძინა ქართულმა კომპანია შპს „კ. ჯ-მ", რ-მაც განახორციელა საწარმოს რებრენდინგი. საწარმოს საპროექტო სიმძლავრეა 80 მლნ. ლუდი წელიწადში. უშვებს შემდეგი დასახელების ლუდს:„არგო", „გერმანული", „ჰერცოგი", „კალენბერგი", „ზუბრი" და სხვ., აგრეთვე ლიმონათს – „ზანდუკელი". ნედლეული (სვია, ალაო, საფუარი) და დამხმარე მასალები (ბოთლი, საცობი, ეტიკეტი) ძირითადად შემოდის გერმანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილ. ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ (უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, აშშ, გერმანია, ტაჯიკეთი, ავღანეთი და სხვ.).