კასტორიუსის რუკა, ტაბულა პ ო ი ტ ი ნ გ ე რ ი ა ნ ა, რომაული საგზაო რუკა, შედგენილი IV ს-ში სავარაუდოდ, გეოგრაფ კასტორიუსის მიერ. დიდხანს ინახებოდა სიძველეთა ცნობილ გერმ. მკვლევარ კონრად პოიტინგერთან (XII ს. ასლი). კ. რ. სრულიად განსხვავდება იმ დროისთვის ცნობილ მსოფლიო რუკებისაგან, რ-ებზედაც დედამიწა გამოხატული იყო ელიფსის სახით. კ. რ. გრძელ ზოლად არის გაჭიმული და სიგანე 21-ჯერ თავსდება სიგრძეში. ამ რუკის დანიშნულება იყო მოგზაურ-ვაჭრებისთვის გზების მიმართულების მიცემა, მათზე მდებარე ძირითადი პუნქტების (დიდი თუ მცირე ქალაქები, გასაჩერებელი სადგურები) აღნიშვნა და ამ პუნქტებს შორის მანძილის ჩვენება რომაულ მილებში (1 რომაული მილი უდრის 1,4815 კმ). რუკაზე დატანილია აგრეთვე უმთავრესი მდინარეები, მთები და ზღვები, დასახელებულია იმ ხალხთა, ქვეყანათა თუ პროვინციათა სახელები, რ-ებზედაც გზები გადიოდა.
კ. რ-ის XI–XII სეგმენტებზე დატანილია სამხრ. კავკასიის ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო გზები, მ. შ. სომხეთის ქ. არტაშატიდან არმაზციხე-მცხეთამდე მიმავალი გზაც. ამ გზაზე არმაზციხის უშუალო სიახლოვეს აღნიშნულია სადგური Philado (ფილადო), რ-იც მკვლევართა საერთო აზრით, უნდა იყოს Tphilida-ს (ტფილადა) დამახინჯებული ფორმა. მდებარეობითაც და სახელწოდებითაც ამ სახელში უნდა მოიაზრებოდეს თბილისი (ტფილისი). ამდენად, კ. რ-ზე თბილისი პირველადაა აღნიშნული.
გამოც.: Itineraria Romana – Römische Reisewege an der Hand der Tabula Peutingeriana, dargestellt von K. Miller, Stuttg., 1916.
ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; ლ ო მ ო უ რ ი ნ., ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხისათვის, «ისტორიის ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1.
ნ. ლომოური