კ ა ტ ა ი, დავით IV აღმაშენებლის ასული. სამხრ. კავკასიიდან თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლის პირობებში, ბიზანტიის იმპერიასთან კეთილი დამოკიდებულების დამყარების მიზნით, 1116 მეფემ კ. მიათხოვა იმპ. ალექსი კომნენოსის (1081– 1118) უმცროს ძეს – ისაკს (მანამდე დავითმა თავისი მეორე ქალიშვილი თამარი შირვან შაჰის შვილზე დააქორწინა). ბიზანტიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ შეცვლილა დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლო წლებამდე (დავითი არ ჩარეულა თავის სიძე ისაკსა და ალექსი კომნენოსის უფროს ვაჟს – იოანეს შორის ატეხილ უთანხმოებაში), რითაც საქართველოს სამეფომ უზრუნველყო სამხრ.-დას. საზღვრების უსაფრთხოება.
წყარო: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, Внешняя политика Грузии в средние века (XII век), Тб., 1995.
ბ. კუდავა