კატისებრნი (Felidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 50–380 სმ აღწევს, მასა – 1,5–275 კგ. აქვთ კუნთოვანი და მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ჩამალული ან ნახევრად ჩამალული ბრჭყალები. თითითმავალი მტაცებლებია. ტყის კატები ღია ფერისანი არიან, ველისა და უდაბნოს სახეობები – ყვითელი ან ქვიშისფერი. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე ავსტრალიის, მისი მოსაზღვრე კუნძულების და მადაგასკარის გარდა. ბინადრობენ ტყეში, მდინარის სანაპიროზე, ველზე, უდაბნოში, ალპურ ზონაში. ბინდისა და ღამის ცხოველებია. ცხოვრობენ ცალ-ცალკე ან ოჯახებად. კ-თა მრავალი წარმომადგენელი კარგად დაცოცავს ხეზე და ცურავს. იკვებებიან ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, თევზებით, ზოგჯერ – მწერებითაც. მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან დიდი ნახტომით (მხოლოდ ავაზა იჭერს მსხვერპლს დადევნებით). აერთიანებს სამი გვარის (კატა, ჯიქი, ავაზა) 37 სახეობას, მათგან საქართველოში გვხვდება 4 სახეობა – ტყის კატა, ლელიანის კატა, ფოცხვერი და ჯიქი. ტყის კატის (ფელის სილვესტრის) ქვესახეობაა შინაური კატა (F.S. catus). კ-ის დედალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 12–15 თვისა. მაკეობა 55–270 დღე გრძელდება, შობს 2–6 ნაშიერს. კ. ცოცხლობენ 30 წლამდე.