კაუცკი (Kautsky) კარლ (16. X. 1854, პრაღა, – 17. X. 1938, ამსტერდამი), გერმანელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, იურისტი და პუბლიცისტი. გერმანიის და დას. ევროპის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ლიდერი, მემარჯვენე სოციალისტთა იდეოლოგიის მამამთავარი. XIX– XX სს. მიჯნაზე უარყო კლასიკური მარქსიზმი, რ-ის კრიტიკას უძღვნა არაერთი მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომი. 1917 კ. იყო გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრ. პარტიის ფუძემდებელი. იგი, იცავდა რა დაპყრობილ ერთა კანონიერ უფლებებს, გადაჭრით ილაშქრებდა ერთა ლიგაში საბჭ. იმპერიის მიღების წინააღმდეგ.
კ. იყო II ინტერნაციონალის იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რ-იც 1920 შემოდგომაზე ოფიც. ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრ. სახელმწიფოს საერთაშ. აღიარების საქმეში, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველო იყო პირველი სახელმწიფო, რ-ის სათავეში მოექცა სოციალ-დემოკრ. პარტია. კ-მ ქართვ. მენშევიკებს გადარჩენის ასეთი გზა შესთავაზა: „თქვენ ვერ გაძლებთ დასავლეთ ევროპის დაუხმარებლად... თქვენ იძულებული იქნებით უცხო კაპიტალი მოიწვიოთ თქვენს ქვეყანაში... აქ კაპიტალიზმი სათანადოდ არ არის განვითარებული და თქვენი მისია იმაშია, რომ ხელი შეუწყოთ მის განვითარებას" (გაზ. „ერთობა", 1920, № 223, 238). კ-მ საქართველოს შესახებ დაწერა ბროშურა, რ-შიც იგი მენშევიკებს უცხოეთიდან ტექნიკური კადრების ჩამოყვანას ურჩევდა. ქართ. ენაზე ითარგმნა კ-ს არაერთი თხზულება.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972; შ ა რ ა ძ ე გ., საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003; Брайович С. М., Карл Каутский – эволюция его воззрений, М., 1982.
ლ. ურუშაძე