კაქტუსისებრნი

კაქტუსისებრნი, კაქტუსები (Cactaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხისებრი, ბუჩქისებრი და ლიანისებრი ფორმებია, იშვია­თად – დაბალი ხეები. აქვთ ეკლით, ბუსუ­სით ან ქერქლით ­დაფარუ­ლი წვნიანი, ხორცოვანი ღერო, რ-იც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინ­დრული და ­სვეტისებრია, ზოგჯერ გაბრტყელებუ­ლია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლე­ბი რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთე­ზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რ-შიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა (დიდ კაქტუსებში 2000-მდე ლ წყალი გროვდება). ხშირად კ-ს ცვილისებრი ნაფიფქი აქვს ან ქეჩისებურად არის შებუსვილი. თითქმის ყველას აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთ­რებით დამახასიათებელია ე. წ. ა რ ე ო ლ ე ბ ი (მკვეთრად შემოსა­ზღვრული ბუსუსიანი და ეკ­ლიანი უბნები, რ-ებიც უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი). ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი; მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები იშლება საღამოს ან გვიან ღამით. ცნობილია კ-თა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 – 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია უმეტესად ამერიკაში (აქედან ნახევარი – მექსიკაში), მხო­ლოდ ერთადერთი გვარი – ღჰიპსალის – გვხვდე­ბა ტროპიკულ აფრიკაში (გზადმოყოლილია). კ. იზრდება ტროპ. და სუბტროპ. უდა­ბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად – ტროპ. წვიმის ტყეებში, ­ზღვის სანაპიროებსა და სავანეებშიც.

ზოგი კ. (უმეტესად ოპუნციის სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში (სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა), ჩინეთში, ხმელთაშუა ­ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყირიმის სამხრ. სანაპიროზე და სხვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძირითადად მხო­ლოდ ბოტანიკურ ბაღებში გვხვდე­ბა. თბილ. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ხარობს თვითნათესი ოპუნციები. კაქ­ტუსის მრავალი სახეობის ნა­ყოფი და ღეროს რბილობი საკვებად ვარგისია. ზოგს ­იყენებენ საქონლის საკვებად (უეკლო ოპუნციები), სათბობად და მსუბუქ საშენ მასალად (გამერქნებული ღე­როები), ცოცხალ ღობედ (ეკლიანი ოპუნციები და ზოგი ცერუესი). სახეობების უმეტესობას (მამილარია, ოპუნცია, ცერეუსი, ცეფალოცერეუსი და სხვ.) აშენებენ სათბურებში, აგრეთვე ოთახის პირობებში.