კაჩინსკი (Kaczyński) ლეხ ალექსანდერ [18. VI. 1949, ვარშავა,–10. IV. 2010, სმოლენსკი (რფ), დაკრძალულია ქ. კრაკოვში], პოლონეთის პრეზიდენტი 2005–10. ქ. ვარშავის მერი 2002–05. პარტია „სამართალი და სამართლიანობის" (შექმნა ტყუპისცალ ძმასთან ერთად 2001) ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ვარშავის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, 1972 მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1979 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გდანსკის უნ-ტში, 1990-იდან იყო ამ უნ-ტის პროფესორი. პოლიტ. კარიერა დაიწყო 1977 მუშათა დაცვის კომიტეტში, რაც ანტიკომუნისტური ოპოზიციის იატაკქვეშა მოღვაწეობად ითვლებოდა. 1980 დაინიშნა გდანსკის საგაფიცვო კომიტეტის იურიდ. მრჩევლად. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ 11 თვე იყო დაპატიმრებული, გათავისუფლების შემდეგ სეიმისა და სენატის წევრი გახდა. პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში ხელმძღვანელობდა ეროვნ. უსაფრთხოების ბიუროს, შემდეგ – უმაღლესი კონტროლის პალატას. იყო იუსტიციის მინისტრი. 2005 ოქტომბერში გაიმარჯვა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2008 აგვისტოში, საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კ. ჩამოვიდა თბილისში და რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა. მონაწილეობა მიიღო მთავრობის სასახლის წინ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან მიტინგში.
კ. სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, როდესაც სმოლენსკში „კატინის ტრაგედიის" 70 წლისთავის აღსანიშნავად მიფრინავდა.
პოლონეთისა და სხვა ქვეყნის ჯილდოებთან ერთად კ-ს მიღებული აქვს საქართვ. უმაღლესი ჯილდოები – წმ. გიორგის გამარჯვების ორდენი (2007), ეროვნული გმირის ორდენი (2010 წ. 10 აპრილს, სიკვდილის შემდეგ). თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.