კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე" – შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ-ების - კაცხურისა (ყვირილის ­მარჯვ. შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის ­მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზ. დ. 650 მ, მიწის ზედაპირიდან – 40 მ. კ. ს. ბოლოვდება მართკუთხედის ფორმის მოედნით, რ-ის გვერდები 17 და 10 მ სიგრძისაა. სვეტის ფერდობები ვერტიკალურად ეშვება, რის გამოც მასზე ასვლა მხო­ლოდ სპეც. აღჭურვილობითაა შესაძლებელი.

ადრინდ. შუა საუკუნეებში აქ მონოფიზიტ განდეგილთა სამ­ყოფელი იყო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგე­ბას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რ-იც VI ს-ში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირ­ველეს ყოვლისა, სირიაში, რ-თანაც ქრისტ. სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილზე მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, ხოლო აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე ეკლესია (VI ს.) აგებულია ქვემოდან აზი­დული კარგად გათლილი ტუფის კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). კ. ს-ის არქიტ. ძეგლები (ორი ეკლესია, განდეგილი ბერის საკანი და ჩაფლული ქვევრები) პირველად 1944 ნახა მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე არქიტ. ვ. ცინცაძე, მწერლები: ლ. გოთუა და ა. ბელია­შვი­ლი. სვეტზე 1999 ავიდა მეორე ექსპედიცია (­ხელმძღვ. ბ. გუჯაბიძე). სვეტის ეზოში 2000 ააგეს სვიმონ მესვეტის ეკლესია. 2006 სვეტზე ასასვლელად მოეწყო ლითონის კიბე.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ბუნება, თბ., 2013; ც ი ნ ც ა ძ ე  ვ., კაცხის „სვეტი", «სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1946, ტ. 7, № 8.

ლ. მარუა­შვი­ლი

შ. საღარაძე