კაჭკაჭიშვილი იაგო ალექსანდრეს ძე (დ. 11. XII. 1965, თბილისი), სოციოლოგი, სოციოლოგიის დოქტორი (2001), თსუ-ის სრული პროფესორი. სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტზე. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1987). კითხულობს სალექციო კურსს როგორც სოციალური თეორიების, ისე კვლევის მეთოდების სფეროში; არის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) ხელმძღვანელი.
კ. იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სოც. ცხოვრების პოსტმოდერნული პერსპექტივა, ობიექტურობა სოც. მეცნიერებებში, „უცხოს" ფენომენი და დემოკრატიზაცია, შრომის ეთიკა რელიგ. ჯგუფებში და სხვ.
კ. არის 5 წიგნის და მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი. განახორციელა ერთობლივი აკად. და გამოყენებითი კვლევითი პროექტები ნიუ-ჯერსის სახელმწ. (აშშ), ლივერპულის (ინგლისი), ფრანკფურტის გოეთეს (გერმანია), შეფილდ-ჰალამის (ინგლისი), ტალინის (ესტონეთი), ვილნიუსის პედ. (ლიტვა), ლიუბლიანის (სლოვენია) უნ-ტებთან. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში. არის საერთაშ. რეფერირებადი ჟურნ. „Social Policy and Social Work in Transition“ თანარედაქტორი (გამოიცემა დიდ ბრიტანეთში). წლების განმავლობაში თანამშრომლობს საერთაშ. და ადგილობრივ ფონდებთან („ღია საზოგადოება – საქართველო", შოთა რუსთაველის სამეცნ. ფონდი და სხვ.) როგორც აღმასრულებელი წევრი ან ექსპერტი.
თხზ.: სოციალური მოქმედების თეორიები – მოღვაწეობა სტრუქტურა დუალიზმის შუქზე: ვებერი, პარსონსი, თბ., 2001; სოციალური მოქმედების თეორიები. სახელმძღვანელო სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისთვის, თბ., 2001; სოციალური პრაქსისის თეორიები: სიმბოლური ინტერაქციონიზმი, გიდენსის სტრუქტურაციის თეორია, თბ., 2001; შიდსის რაინდები: ნარკომანია, შიდსი და თინეიჯერები, თბ., 2008.
თ. ალიბეგაშვილი