კაჭრეთის გორასამარხები, არქეოლოგიური ძეგლი. ერთი მათგანი მდებარეობს გურჯაანი–თბილისის საავტომობილი გზის სამხრეთით 200 მ-ზე, ხევში. განეკუთვნება ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევარს. აღმოჩნდა სარწყავი არხის გაყვანის დროს. 1979 კ. გ. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური).
სამაროვნის ყრილი (დიამეტრი – 20 მ, სიმაღლე – 1,50 მ) შედგებოდა საშ. ზომის ქვებისგან. ყრილის ქვეშ, ცენტრ. ნაწილში, აღმოჩნდა წრიული ორმო (დიამეტრი – 3 მ, სიღრმე – 0,2–0,3 მ), რ-ის იატაკს წრიულადვე ერტყა ქვითა და მიწით ამოვსებული არხი (სიგრძე – 0,2 მ, სიღრმე – 0,35 მ). სამარხი ორმოს აღმ-ით, 15–20 სმ-ით შემაღლებულ ადგილზე აღმოჩნდა წვრილფეხა საქონლის 5 თავის ქალა. სამარხის მთელ ფართობზე მიმოფანტული იყო 12 ადამიანის ძვლები. ცენტრ. ნაწილში კიდურებმოხრილი მიცვალებული დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდ-კენ. სამარხში აღმოჩნდა ოცამდე სილანარევი თიხით ნაძერწი, კარგად გამომწვარი, მოყვითალო, მონაცრისფრო ან მოწაბლისფრო ჭურჭელი, ზოგან მურის მუქი ლაქებით. ჭურჭელს შორის გვხვდება ცილინდრულყელიანი თუნგულები, ერთი კონუსურკოპიანი ჯამი, ერთიც ჰორიზონტალურშვერილიანი ბადია.
მეორე გორასამარხი რკინიგზის სადგურის ჩრდ-ით მდებარეობს და განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრის დასასრულს. იგი 1978 გაითხარა იმავე ექსპედიციის (ხელმძღვ. ვ. ვარაზაშვილი) მიერ. სამარხი დაზიანებული იყო. მსხვილი რიყის ქვის ყრილის (დიამეტრი – 10 მ, სიმაღლე – 0,8 მ) ცენტრ. ნაწილის ქვეშ აღმოჩნდა ოვალური მოყვანილობის, დასიდან აღმ-კენ დამხრობილი სამარხი ორმო (სიგრძე – 2,10 მ; სიგანე – 1,70 მ, სიღრმე – 1 მ). კიდურებმოხრილი მიცვალებული ესვენა ორმოს ცენტრ. ნაწილში მარჯვენა გვერდზე, თავით დასკენ. იქვე გამოვლინდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი, წვრილფეხა საქონლის კიდურები და ხელით ნაძერწი თიხის 7 ჭურჭელი. მერვე ჭურჭელი იდო მიცვალებულის მუხლებთან. თავის ქალის უკან აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი, პირზე ქედიანი სატევარი.
სამარხში გამოვლენილ კერამიკაში იყო მორუხო-მოყავისფრო, ოდნავ პირგადაშლილი, დაბალყელიანი, კვერცხის ფორმის ქილა, ქილის პირისა და მხრის ფრაგმენტები. ერთი ქილა დამზადებულია უხეში სილანარევი, მეორე – სილანარევი მკვრივი თიხით. სამარხში აღმოჩენილია აგრეთვე შავპრიალა, ფოსოთი შემკული ცალყურა და მოყავისფრო-მოვარდისფრო, ოდნავ პირმოყრილი სასმისები, ასიმეტრიული 2 ქოთანი და 2 კოჭობი. მათ მოწითალო ფხვიერი კეცი, ოდნავ გადაშლილი პირი, დაბალი ყელი და თითქმის სწორი გვერდები აქვთ. ქოთნებს და კოჭბებს ყელის ძირში ოდნავ რელიეფური წყვეტილი წიბო შემოუყვება. ერთ კოჭობს ასეთი წიბო მუცლის ზედა ნაწილზეც აქვს შემოვლებული.
ორმოსამარხის ყრილის ცენტრ. ნაწილის ქვეშ, ორმოს ფსკერიდან 0,8 მ-ის სიმაღლეზე, ჩანაყარ ქვაზე დასვენებული იყო მიცვალებული. ორივე სამარხის მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გურჯაანის ისტ.-ეთნოგრ. საცავში.
ლიტ.: ბ უ ჩ უ კ უ რ ი ნ., კაჭრეთის ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულის გორასამარხი, კრ.: არქეოლოგიური ძიებანი (ახალგაზრდა მკვლევართა IV და V სამეცნიერო სესიის მასალები), თბ., 1985; ვ ა რ ა ზ ა შ ვ ი ლ ი ვ., ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის I ნახევრის გორასამარხი კაჭრეთიდან, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა [ტ.] 1-I, თბ., 2013; რ უ ს ი შ ვ ი ლ ი რ., კაჭრეთის ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის გორასამარხი, იქვე; П и ц х е л а у р и К. Н., Новые находки Кахетской археологической экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1978 году, Тб., 1981.
რ. რუსიშვილი