კახაბერისძენი

კახაბერისძენი, დიდებულთა საგვარეულო დასავლეთ სა­ქარ­თველო­ში. ბაღვაშთა საგვარეულოს განშტოება. კ. XI ს-იდან რაჭის ერისთავები იყვნენ. სხვავის ეკლესიის ჯვრის XI ს. წარწერაში მოხსე­ნიებულია რაჭის ერის­თა­ვი რატი და მისი ძე კახაბერი. მკვლევართა აზრით, იგივე კახაბერი, უკვე ბერად შემდგარი კირილეს სა­ხე­ლით, იხსენიება თავის ძესთან, ერისთავთერისთავ რატისთან ერთად ნიკორწმინდის ჯვარცმის ხატის XI ს. წარ­წერაში. მათ გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოს მიწა-წყალი. თამარის მეფობის დასაწყი­სისთვის ისინი ფლობდნენ არა მხო­ლოდ რაჭას, არამედ თაკვერსაც (ლეჩხუმი) და რაჭისა და თაკვერის ერისთავებად იწოდებოდნენ. კ. მნიშვ­ნე­ლო­ვან როლს თამაშობდნენ XII–XIII სს. სა­ქართვე­ლოს პოლიტ. ცხოვრებაში (იხ. კახაბერისძე კახაბერ). XIII ს. 80-იან წლებში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ კ-თა ბრძოლის გამო დავით VI-მ გააუქ­მა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კ-თა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV ს. მიწურულს, კვლავ აღდგენილ რაჭის საერისთავოს სხვა საგვარეულო ჩაუდგა სა­თა­ვე­ში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე.

ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა  ი., XI–XV სსის სა­ქარ­თვე­ლოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980; თ ა ყ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში, თბ., 1963; ს ო ს ე ლ ი ა  ო., რაჭის ერისთავთა სათავადო, კრ.: სა­ქარ­თვე­ლოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970.

ი. ანთელავა