კახეთის აჯანყება 1605

კახეთის აჯანყება 1605, კახე­თის მოსახლეობის ბრძო­ლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ-აბას I-ის დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ (იხ. კონსტანტინე I, კა­ხე­თის მეფე) მამის, ალექსანდრე II-ის, ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა (12. III). ამ ფაქტმა კახეთ­ში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი. აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სა­ხე­ლით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს კი დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კა­ხეთის მესვეურები, რ-თაც სა­თა­ვე­ში მეფე დავით I-ის ქვრივი – ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. კონსტანტინე I-მა კა­ხე­თის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გაილაშქრა და ქ. შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და შინისაკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი – ირანისაკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რ-იც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქარ­თლის მეფე გიორგი X-ს, რ-მაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქარ­თლის ჯარით. ბრძო­ლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი და­მარ­ცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლა­ში დაიღუ­პა. კ. ა-მ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 კა­ხე­თის მეფედ თეიმურაზ I დაამტკიცა.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახა­ლი ქარ­თლის ცხოვრება, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისქანდერ მუნშის ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; ჰასან რუმლუს ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ვ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., სა­ქართვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სა­ქართვე­ლოს ისტორია, ტ. 3, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, თბ., 2012.

გ. ნარსია