კახეთის აჯანყება 1660, კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილ. მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ციხეების აგება (ბახტრიონი, ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რ-თა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს; სამხრ.-აღმ. ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი – ნახიჭევანის მმართველს, რ-თაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს. კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რ-შიც მოსახლ. დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარ ქსნის ერისთვი. აჯანყებაში აქტ. მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის, გოგოლაურის მეთაურობით. ქართველები გაერთ. ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები, შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი ყიზილბაშები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. ზაალ არაგვის ერისთავი მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ქსნის ერისთავი შაჰთან გამოცხადდნენ და პატიება სთხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რ-თა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართ. ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა. ეს მოვლენებია ასახული ა. წერეთლის „ბაში-აჩუკისა" და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონში".
კ. ა-ის შედეგად კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა, მაგრამ სპარსელთა ბატონობის საბოლოოდ მოსპობა ვერ მოხერხდა. თავისუფლებისთვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 3, თბ., 2012.
გ. ნარსია