კახეთის საერისთავო

კახეთის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების სა­ქარ­თველო­ში. თავდაპირველად შე­იქმნა ბაგრატ III-ის მიერ 1010–14 შორის. მას შემდეგ, რაც კახეთ-ჰერეთი ისევ ჩამოსცილდა ერთიან სა­ქართვე­ლოს, კვირიკე III დიდმა კ. ს. გააუქმა. მისი აღდგენა მოხდა დავით IV აღმაშენებლის მიერ, კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ, დაახლ. 1104–05. თამარის მეფობის დასაწყისში კა­ხე­თის ერისთავობა ძაგანისძეთა საგვარეულოს ხელშია. წყაროებში მეტად მწირი ცნობებია და­ცუ­ლი კ. ს-სა და მისი ერისთავების შე­სა­ხებ. სავარაუდოდ, კა­ხე­თის ერისთავები იყვნენ ბაკურ ძაგა­ნისძე (XII ს. 80-იანი წლები), ეგარსლან ბაკურციხელი (XIII ს. I ნახ.), ივანე აბულეთისძე (XIII ს. 50-იანი წლები), თორღვა პანკელი (XIII ს. 60-იანი წლები). წყაროებით არ დასტურდება მოსაზრება (პ. ინგოროყვა), რომ კახე­თის ერისთავები 1255-იდან XIII ს. ბოლომდე იყვნენ უჯარმელნი, მათ შემდეგ კი – ბურსელნი. კ. ს-ს უნდა ეარსება XV ს. 60-იანი წლების ბოლომდე, ვიდრე კა­ხეთის მეფე გიორგი I-მა სამეფოში ადმინისტრაციული რეფორმა არ ჩაატარა – გააუქმა საერისთავოები და შექმნა სამოურავოები.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე  მ., ერისთავობის ინსტიტუტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2003; ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა  პ., რუსთველიანა, თხზ., კრ., ტ. 1, თბ., 1963.

მ. ბახტაძე