კახეთის სამეფო

კახეთის სამეფო, ქარ­თული ფეოდალური სახელმწიფო XI ს. და XII ს. დასაწყისში. ბიზანტიასთან გიორგი I-ის ურ­თი­ერ­თო­ბის გართულებით ისარგებლა კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკე III-მ, განუდგა სა­ქარ­თვე­ლოს მეფეს, „დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა" (ვახუშტი). ამიერიდან მთელი XI ს. განმავლობაში კ. ს. მთლიანი სა­ქარ­თველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის" ტიტულს ატარებდნენ. კ. ს. მოიცავდა ტერიტორიას მდ. ქსნიდან (დას-ით) ალჯიგანჩაიმდე (აღმ-ით) და დიდოეთ-ხუნძახიდან (ჩრდ-ით) მტკვრამდე (სამხრ-ით). მის ფარგლებში შედიოდა ახლანდ. აზერბ. რესპუბლიკის ჩრდ.-დას. ნაწილი (ბელაქნის, ზაქათალის, კახის და შაქის რ-ნები), ამიტომ ქართ. წყაროების მიხედვით კა­ხეთის მფლობელი ოფიციალურად „რანთა და კახთა მეფედ" იწოდებოდა, არაბ. წყაროებში კი იგი "შაქთა და გურჯთა მეფედ", ანუ იმავე „რანთა (ჰერთა) და კახთა მეფედ" იხსენიება. კვირიკემ ახალშექმნილი სახელმწიფოს ცენტრი თე­ლავ­ში გადაიტანა. ააგო სასახლე (დღევანდელი „ძველი გალავანი" თელავში), ჩაატარა გარკვეული ადმ. რეფორმა – სამეფო დაიყო 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვე­ტერის, პანკისის, შტო­რის, ვეჯინის, ­ხორნაბუჯის და მაჭის). როგორც ჩანს, კვირიკემ ფაქტობრივად შერყეული ძვ. ვითარება აღადგინა. პირველ ხანებში კა­ხეთის მეფეები გაერთ. სა­ქარ­თველოს მეფეების მოკავშირედ გამოდიოდნენ უცხო აგრესორებთან ბრძო­ლა­ში. მაგ., კვირიკე III გიორგი I-ს ეხმარებოდა ბიზანტიასთან, ხოლო ბაგრატ IV-ს – განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც ბაგრატ IV-მ ენერგიული ღონის­ძიებები გაატარა, კ. ს-ს კვლავ სა­ქარ­თველოსთან შესაერთებლად, კახთა მეფეები თურქ-სელჩუკებს დაუკავშირდნენ და ამ გზით შეე­ცადნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღსართან I-მა კ. ს-ს შესანარჩუნებლად ქრისტიანობაც კი დათმო და გამაჰმადიანდა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება დროებითი აღმოჩნდა, რადგან გაერთ. სა­ქარ­თვე­ლოს მეფეს კ. ს-ში საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ჰყავდა ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი აზნაურების სახით (აშოტ მარილელი, ხახულა გურნი, ვეჟინის ერის­თა­ვი წირქვალელი და სხვ.). სწორედ დიდებულ აზნაურთა ამ დასის, კერძოდ, არიშიანისა და მისი მომხრეების მხარ­და­ჭე­რით შეძლო დავით აღმაშენებელმა XII ს. დასაწყისში კა­ხე­თის უკანასკნელი მეფის, აღსართან II-ის შეპყრობა და კ. ს-ს შემოერთება. ამიერიდან კ. ს. გაერთ. სა­ქარ­თვე­ლოს ადმ. წესწყობილებისდა კვალად რამდენიმე ადმ. ერთეულად დანაწილდა (კა­ხე­თის, ჰერეთის საერისთავოები, ხორნაბუჯის სანაპირო, „არიშიანის ადგილი").

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქარ­თლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ქარ­თლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

დ. მუსხელი­შვი­ლი