კახელები

კახელები, ქართველთა ტერიტორიული, ლოკალური, ეთნოგრაფიული ჯგფუფი. კ. სა­ქართვე­ლოს აღმ. ნაწილში – კახეთის ისტორი­ულ-ეთნოგრა­ფი­უ­ლ მხარეში, ივრისა და ალაზნის აუზებში ცხოვრობენ. მეტყველებენ ქართული ენის კახურ დიალექტზე. ისტორიულად კ. უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათი საცხოვრებელი არეალის შემცირება საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. აღმ. კახეთში სხვა ეთნიკური ერთეულები დასახლდ­ნენ. აქ მხოლოდ მცირე რაოდენობით შემორჩა ადგილ. კახუ­რი მოსახლეობა, რ-ებიც დღეს ინგილოებად იწოდებიან. კ-ის შემადგენლობაში შედიან ქიზიყელებიც. ქიზიყს ფეოდალი არ ჰყოლია. როგორც განაპირა მხარის წარმომადგენლები, ისინი უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. კ. ადრე შუა საუკუნეებში მოხსენიებული კახების, კუხების, კამბეჩოვანელებისა და ჰერების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

შუა სა­უ­კუნე­ებში კახეთის მცხოვ­რებნი ჰერკა­ხებად მო­იხსენი­ე­ბოდნენ. XV ს-იდან ჰერკახებს საბოლოოდ კ. ეწოდათ. კ-ის შესახებ ვახუშტი შემდეგს წერდა: „ხო­ლო კაცნი და ქალნი შუ­ე­ნიერნი, ჰა­ე­როვანნი და მგზავს­ნი ყოვლი­თავე ქართველთა ზნი­თა, ჩუ­ე­უ­ლებით და ქცე­ვით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მე­ხოტბე­ნი, დიდმთქმელნი, მეჩხუ­ბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მო­სილნი ქართუ­ლად, ენითა და სარწმუ­ნო­ე­ბით ქართლი­სათა, და სამწყსონი ქართლის კა­თალიკოზი­სანი".

აბას I-ის შემოსევის დროს კ-ის დიდი ნაწილი ტყვედ წა­იყვანეს (იხ. სტ. ფერეიდანი). ნაწი­ლი ამ ბრძოლებს შეეწირა. ამის შედეგად მათი რაოდენობა საკმა­ოდ შემცირდა. საბოლოოდ კ., როგორც ქართველთა ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი, გაქრობისაგან ბახტრიონის აჯანყებამ ­იხსნა (იხ. ბახტრიონის ბრძოლა 1660). აჯანყების შემდეგ კახეთის მოსახლეობა ძირითადად მთიელთა და დას. საქართველოდან მიგრირებულთა ხარჯზე შეივსო. კ. გამორჩეული მეურნეები იყვნენ, განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მიწათმოქმედება – როგორც მემინდვრეობა, ისე მევენახეობა. მევენახეობა მათი ძირითადი საქმიანობა იყო. კ-ის დაყენებული ღვინო შუა საუკუნეებში უცხოეთშიც გადიოდა. კ. ძველთაგანვე ქართული ხალხური სიმღერების შესანიშნავი შემსრულებლები არიან; გამორჩეულია მათი ხალხური მრავალხმიანი სიმღერები. მრავალი მათგანი კ-ს ქართლელებთან საზიარო ჰქონდათ, ზოგიერთი კი მხოლოდ კ-თვის იყო დამახასიათებელი, მაგ., ასეთ სიმღერებს ­შორისაა „ოდური", რ-საც შესვენების დროს ან სამუშაოდან დაბრუნებისას ­ასრულებდნენ. სუფრულ სიმღერებს გარკვეული თანამიმდევრობა ჰქონ­და. მაგ., ქორწილში. ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს შემდეგ სრულდებოდა „წაიყვანეს თამარ ქალი", პატარძლის მოსაყვანად როდესაც მიდიოდნენ, „მაყრულს" მღეროდნენ, დაბრუნების შემდეგ ისევ „მაყრულს" ასრულებდნენ; სახლში შესვლამდე - „ჯვარი წინა, ჯვარი უკან" იმღერებოდა, ნეფის ოჯახში შემოსვლისას – ფერხული. ამას რიგით „მრავალჟამიერი", „თამარ ქალი", „სუფრული", „ბერიკაცი", „თეთრო ბატო", „დიამბეგი", „შაშვი კაკაბი" მოსდევდა.

რ. თოფჩიშვილი