კახიანი ეკატერინე (ეკა) იმედას ასული (დ. 16. I. 1964, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი, მომღერალი. 1971–80 იყო გოგონათა ანსამბლ „მზიურის" წევრი. 1988 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1988–2004 იყო მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 2006-იდან არის თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი. კინომსახიობთა თეატრში განახორციელა როლები: ტასო (გ. ერისთავის „ჭკუისა მჭირს", 1989); ტიტანია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", 1992); ჯადოქარი ოსიმა (რ. აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა", 1993); ლედა (ჟ. ჟიროდუს „ამფიტრიონი 38", 1994); ნათია (ლ. თაბუკაშვილის „ნატაძრალზე", 1991); მუსიკისა და დრამის თეატრში: მარლენ დიტრიხი (დ. დოიაშვილის ინსცენირება „მარლენ დიტრიხი", 2006), ბარონესა შრედერი (ცნობილი მიუზიკლის „მუსიკის ჰანგების" ამავე სახელწოდების ქართ. ვერსია, 2010); ბათუმის მუსიკალურ ცენტრში: ქაბატო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე", 2011). შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და ტელესერიალებში: „ავტოპორტრეტი" (1987), „მარტივი პასეანსი" (1990), „ოცნების ქალაქი"(2010); „დიდების ზღაპარი"(2000), „ძილის წინ"(2000–03), „ჩემი ცოლის დაქალები"და სხვ. კ. არის პოპულარული სიმღერების ავტორი: „ზაფხულის საღამო"(1996; მუსიკალური პრემია „მეგას"ნომინაციაში – საუკეთესო სიმღერა), „მე ვიმღერებ"(2003, დაჯილდოვდა რადიო „ფორტუნას"მუსიკალურ კონკურსში) და სხვ. 2010 გამართა საავტორო კონცერტი – „ზაფხულის საღამო".
მონაწილეობს კონცერტებსა და მუსიკალურ პროგრამებში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).