კახური დიალექტი, ქართული ენის დიალექტი, რ-ზედაც მეტყველებს ისტორიული კახეთის – ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რ-ნების – მოსახლეობა. მთლიანად კახეთში მრავლადაა, ერთი მხრივ, ქართ. ენის დიალექტებზე (თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, იმერული კილოები) მეტყველი მოსახლეობა, ხოლო, მეორე მხრივ, არაქართულენოვანი (ოსური, ქისტური, აზერბ., რუს.) სოფლები, რ-თა მოსახლეობაც აზერბაიჯანულ, რუსულ და სხვ. ენაზე მეტყველებს და სხვადასხვა დროსა და პირობებშია აქ მიგრირებული. ეს გარემოება საგრძნობ დაღს ასვამს კახურ მეტყველებას, განსაკუთრებით მის ლექსიკას.
კ. დ. სამ კილოკავად იყოფა: შიგნიკახური, რ-ზედაც მეტყველებს ალაზნის ველის – ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის რ-ნების მოსახლეობა; გარეკახური – გურჯაანის რ-ნის ნაწილი და საგარეჯოს რ-ნის სოფლების მოსახლეობა და ქიზიყური – სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რ-ნების მოსახლეობა. შიგნიკახური და გარეკახური ერთმანეთისაგან მხოლოდ მეტყველების ინტონაციით განსხვავდება, ქიზიყურს კი ორივესაგან, მკვეთრად გამოხატული ინტონაციის გარდა, ფონოლოგიური და გრამატ. ნიშნებიც განასხვავებს. კ. დ-ის ფონოლოგიურ ინვენტარში, სალიტ. ქართულისაგან განსხვავებით, მოიპოვება ორი ერთეული – ფარინგალური და ყრუფშვინვიერი ხშული აფრიკატი ჴ და შუაენისმიერი მჟღერი სპირანტი ჲ. ჴ ქიზიყურ კილოკავს ახასიათებს და იქ იგი ფონოლოგიური ღირებულებისაა: ჴელი, ფეჴი, ჴმალი... კ. დ-ის სხვა კილოკავებში, იმავე ლექსიკურ ერთეულებში – უფროსი თაობის მეტყველებაში, იგი მონაცვლეობს ხ სპირანტთან.
ჲ დამახასიათებელია ყველა კილოკავისათვის. იგი სიტყვის ფუძეში ს და შ სპირანტების რეფლექსია V-O (წინაენისმიერი მკვეთრი): ტაჲტი, ფლოჲტი. გვხვდება II სუბიექტ. და III ობიექტ. პირების V-O პოზიციაში, რ-საც ქმნის ზმნისწინის ხმოვანი და ფუძისეული თანხმოვანი: მოჲტეხა, მოჲგლიჯა... ან წინამავალი სიტყვის ემფატიკური ა და ზმნის ფუძის თანხმოვანი: რასა ჲფიქრობ? მეზობელსა ჲთხოვა...
კ. დ-ს პრეფიქსულ და სუფიქსურ მორფემათა მიჯნაზე ახასიათებს ხმოვანთა სრული კონტაქტური რეგრესული ასიმილაცია: მეეწონა, შააშინა, გეეგო; იმეებს, კოდალეები... რთული ზმნისწინების შემთხვევაში ხდება კონტაქტურის თანადროული დისტანციური ასიმილაცია: ემეეტანა, გედეეგდო...
კ. დ-ში სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში მჟღერი თანხმოვნები ყრუვდება: ცუდათ, კაცათ... ამავე გზითაა მიღებული ქ- სიტყვაფორმებში: კარქი, კარქო, კარქათ... გვაქვს მ და ნ ფონემათა სუბსტიტუცია, ერთი მხრივ: ბანბა, ანბავი; მეორე მხრივ – სამთელი, ამთებს. ასევე, დისიმილაციური, ოღონდ დისტანციური, სუბსტიტუციის შედეგია ბ და ვ ფონემათა მონაცვლეობა სიტყვაფორმებში: ეუბნევა, მებნევი… ხდება სხვადასხვა ხასიათის ერთდროული ფონეტ. პროცესები; მეტათეზისი – სუბსტიტუცია – ასიმილაცია სიტყვაში "ავანტყოფი", – ამოსავალი ფორმა ავადმყოფი, ბღერტამს – ამოსავალი ბერტყავს... გვაქვს სიტყვათა ფონეტ. გამარტივების შემთხვევები: ფეხშიშველა–> ფეხშველა, შარშანდელი –> შარანდელი; ამავე რიგისა ჩანს მყავს –> მყავ; გყავს; –> გყავ...
კ. დ-ში სახელთა ბრუნებისას ვლინდება ბრუნვის ნიშანთა თავისებური ვარიანტები: სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში ს ფონემა სუსტდება და ჲ-დ რეალიზდება ხმოვნების შემდეგ, ხოლო Ø-მდე დადის თანხმოვნების მომდევნოდ. ამისდა კვალად მიც. ბრუნვის ნიშნად ხმოვნების შემდეგ გვაქვს -ჲ: დედაჲ, ძმაჲ, ხოლო თანხმოვნების შემდეგ – Ø: კაც ვეძახი... მაგრამ პოზიციის შეცვლისას მიც. ბრუნვის ნიშანი აღდგება: კაცსაც; იმავე მიზეზით, ნათ. ბრუნვის ნიშნად -ის სუფიქსის ნაცვლად გვაქვს გამარტივებული -ი ან -იჲ ვარიანტი: სოფლი ბოლოში, თხიჲ რძე…; რადგანაც კ .დ-ში სიტყვის ბოლოში მჟღერი ფონემები ყრუვდება, ვით. ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ათ და არა -ად: კარქათაც შავჯორე; ზოგჯერ გვაქვს ბრუნვის ნიშნის -ა ვარიანტი: კარქა.
კ. დ. ზმნაში სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ასახვისას ძვ. ქართ. სალიტ. ენის ტრადიციას აგრძელებს და აღმ. საქართვ. მთის დიალექტების თავისებურებებს იზიარებს: ზმნაში აფიქსით აისახება II სუბიექტური პირი და მიც. ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი ობიექტური პირი (პირდაპირიც და ირიბიც). თანხმოვნების წინა პოზიციაში ყველგან -ჲ- ვარიანტია: მიჲგვარე, ჲხნავს, მიჲწერა.
კ. დ-ში ირიბი ობიექტის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება. შიგნი- და გარეკახურში მას თ სუფიქსი გამოხატავს (უთხრათ იმათა), ქიზიყურში კი ირიბი ობიექტის სიმრავლეს –კე ნაწილაკი გადმოსცემს (უთხრა კე იმათა).
კ. დ. უაღრესად მდიდარია ლექსიკურად. განსაკუთრებით გამოირჩევა მემინდვრეობისა და მევენახეობის ლექსიკა. მათზე ვერ მოუხდენია გავლენა უცხო ენებს, რ-თა ხანგრძლივ გარემოცვაშიც უხდებოდა განვითარება კ. დ-ს. სამაგიეროდ, რამდენადმე შესამჩნევია თურქულენოვანი სამყაროს გავლენა მეცხოველეობის ლექსიკონზე.
კ. დ. გამორჩეულად მდიდარია ხატოვანი ფრაზეოლოგიით.
ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ა ვ., გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი ივ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961; მ ა რ ტ ი რ ო ს ო ვ ი ა., ი მ ნ ა ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული ენის კახური დიალექტი, თბ., 1956; ძ ი ძ ი გ უ რ ი შ., ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, გამოც. მე-2, თბ., 1970; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.
ვ. კუზიბაბაშვილი