კახური ღორი

კახური ღორი, უძველესი ენდემური ჯიში. ევრ. მოკლეყურა გარეული ღორის მოში­ნა­ურების შემდეგ, ხალხური სელექციის გზით ჩა­მო­ყა­ლიბ­და ცალკე ჯიშად. განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო, აქვს უხეში კონსტიტუცია, სქესობრივად გვიან მწიფდება. გარემო პირობებს ადვილად ეგუება, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყო­ფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალსა და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს. კერატის ცოცხალი მასაა 110–120 კგ (უდიდესი – 160 კგ), ნეზვისა – 95–100 კგ (უდიდესი – 130 კგ-მდე). ნაყოფიერება – 7–8 გოჭი, მერძეულობა – 30–40 კგ. გარეული ღორის მსგავსად, იბადებიან ზოლიანი გოჭები (ასეთი შეფერვა ქრება 3–5 თვის ასაკში). გასუქების პერიოდში დღეღამური წონამატია 200–300 გ. 1 კგ მასის მოსამატებლად სჭირდება 8–8,5 საკვები ერთეული. აქვს მაღალ­ხარისხოვანი მჭლე ხორცი, რ-ის წმინდა (ტანხორცის) გამოსავალია 63–64%, ქონისა – 20–21%. კ. ღ. გავრცელებული იყო თიანეთის, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, დუშეთის, თეთრი წყაროს და სხვ.

რ-ნებში, სადაც 1974 მისი რაოდენობა 2 ათ. სულს აღწევდა. კ. ღ-ის სულადობა ღორის აფრიკული ცხელების ეპიზოოტიის გამო (2006–07) მკვეთრად შემცირდა. ძირითადად შემორჩენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ნ. მელითაური

გ. გოგოლი